რაც ქალაქმა დაიმახსოვრა - მიხეილ კილოსანიძე

ავტორი
Front News საქართველო
"რაც ქალაქმა დაიმახსოვრა“ - Front News-ის მულტიმედიური დოკუმენტური პროექტია ქალაქის მეხსიერებაზე. იმაზე, რომ ქალაქი მხოლოდ სივრცე არ არის. ის არის ცოცხალი არქივი, სადაც დრო არ ქრება, არამედ ფორმას იცვლის და სხვანაირად აგრძელებს არსებობას - ქუჩებში, კედლებში, ფანჯრებში, ხმებში და იმ ადამიანებში, რომლებიც ამ ხმებს მომავლისთვის ინახავენ.
- ქალაქს საკუთარი ხმა აქვს.
დილის პირველი ნაბიჯების, ეზოებიდან გამოსული ბავშვების, ეკლესიების ზარების, ბაზრების ხმაურის, თეატრის ფარდის გახსნის, კონცერტის დაწყების, ხალხური სიმღერის, ტაშის, სიჩუმის.
ეს ხმები იბადებიან, ჟღერენ და ქრებიან.
თუ არავინ შეინახავს.
მიხეილ კილოსანიძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც მთელი ცხოვრება ქალაქის ამ უხილავი ხმების შენახვას მიუძღვნა. ადამიანი, რომლის სახელი შეიძლება სცენაზე არასოდეს გსმენიათ, მაგრამ მისი შრომა თითქმის ყველა იმ მუსიკაშია, რომელიც საქართველოს კულტურულ მეხსიერებად იქცა.
მისთვის ხმა მხოლოდ ტექნიკური ჩანაწერი არასოდეს ყოფილა.
ეს იყო დრო, რომელსაც გაქრობა ემუქრებოდა.
ერთი შესრულება, რომელიც აღარ განმეორდებოდა.
ერთი კონცერტი, რომელიც დასრულებისთანავე მხოლოდ მეხსიერებაში დარჩებოდა.
ერთი ხმა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა მისწვდომოდა.
ხმა ხომ ყველაზე მყიფე მეხსიერებაა. მისი დანახვა შეუძლებელია, მაგრამ მისი დაკარგვა ყოველთვის იგრძნობა. ამიტომაც, ყოველ ჩანაწერში, ყოველ ფირზე, ყოველ აღდგენილ ბგერაში მხოლოდ მუსიკა არ ინახებოდა - იქ ინახებოდა ეპოქა, ადამიანები და დრო, რომელიც უკან აღარ დაბრუნდებოდა.
წლების განმავლობაში მიხეილ კილოსანიძე იქ იყო, სადაც ქართული მუსიკის ისტორია იქმნებოდა. მიკროფონის მიღმა, ხმის პულტთან, სტუდიაში, საკონცერტო დარბაზში, თეატრში, კინოში. იქ, სადაც ერთი შეხედვით უხილავი ადამიანი საბოლოოდ ყველაზე ხანგრძლივ მეხსიერებას ქმნიდა.
მის ხელში გაიარა მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსების შესრულებებმა, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებმა, ქართული ხალხური სიმღერების უნიკალურმა ჩანაწერებმა, ფილმების მუსიკამ, თეატრის ხმებმა, საესტრადო სიმღერებმა.
მის მიერ ჩაწერილი ხმები დღესაც აგრძელებენ არსებობას.
ზოგი ფირზე.
ზოგი დისკზე.
ზოგი - ჩვენს მეხსიერებაში.
მიხეილ კილოსანიძემ ათწლეულების განმავლობაში შემოინახა ის, რაც ყველაზე ადვილად იკარგება - ხმა.
მისი პროფესიული გზა ათწლეულებს მოიცავს. ის თანამშრომლობდა მსოფლიოსა და საქართველოს გამორჩეულ მუსიკოსებთან, მუშაობდა „მელოდიაში“, საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში, „ქართულ ფილმში“, თეატრსა და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. სწორედ მისი მონაწილეობით ჩაიწერა ქართული კლასიკური მუსიკის, ხალხური სიმღერისა და საესტრადო ხელოვნების არაერთი ნიმუში, რომელიც დღეს უკვე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
მისი მუშაობის შედეგი მხოლოდ მუსიკალური არქივი არ არის. ეს არის ხმებით დაწერილი ისტორია - ისტორია, რომელიც გვიყვება, როგორ ჟღერდა საქართველო სხვადასხვა ეპოქაში; როგორ მღეროდნენ ადამიანები, როგორ უკრავდნენ, როგორ დუმდნენ და როგორ ტოვებდნენ საკუთარ კვალს კულტურაში.
მაგრამ ამ ეპიზოდისთვის მთავარი ბიოგრაფია არ არის.
მთავარია ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ხმაც შეიძლება გახდეს მეხსიერება.
რომ ერთი ჩანაწერი ზოგჯერ მთელ ეპოქას ინახავს.
რომ მუსიკა მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას, როცა კონცერტი დიდი ხანია დასრულებულია.
ქალაქი ხომ მხოლოდ ის არ არის, რასაც ვხედავთ.
ქალაქი ისიც არის, რასაც ვისმენთ.
ხანდახან საკმარისია ძველი ჩანაწერი ჩაირთოს, რომ წარსული ისევ გაცოცხლდეს. ერთი მელოდია, ერთი ხმა, ერთი ტაში ან რამდენიმე წამით შემორჩენილი სიჩუმეც კი გვაბრუნებს იმ დროსთან, რომელიც თითქოს უკვე დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში არსად წასულა.
და ზოგჯერ, როცა ძველი ჩანაწერი ჟღერს, ძველი სიმღერა იწყება ან თეატრის ფარდა ისევ იწევა, ქალაქიც თავიდან იწყებს ლაპარაკს.
პროექტის ავტორი: ლუკა ცარციძე
ოპერატორი: დავით მირზაშვილი
(c) Front News
თაგები:
მიხეილ კილოსანიძე




