რომან გოცირიძე - ასეთ პირობებში ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია

ავტორი
Front News საქართველო
გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა: ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ Front News-თან ეკონომისტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზისა და ქარის ელექტროსადგურები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სისტემის რეგულირების ფუნქციას ვერ ასრულებენ და ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ისეთი პროექტები, როგორიც იყო ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა.
"გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა: ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა პრაქტიკულად არ არსებობს. ენგურის კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო თავად ელექტროსადგური აფხაზეთში-რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია. ასეთ პირობებში ენერგეტიკული უსაფრთხოება მხოლოდ ეკონომიკის საკითხი აღარ არის, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების აშენება. მზისა და ქარის ელექტროსადგურები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სისტემის რეგულირების ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ისეთი პროექტები, როგორიც იყო ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა.
გუშინდელი გათიშვა, სავარაუდოდ, ავარიის შედეგი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი „ავარიის“ პროვოცირება ოკუპანტს ნებისმიერ დროს შეუძლია.
ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააჩერა ყველა სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტი: ხუდონიდან წავიდა ინდოელი ინვესტორი, ნამახვანიდან-თურქული კომპანია, ხოლო ნენსკრას პროექტი კორეელმა ინვესტორებმა დატოვეს. შედეგი არის ის, რომ ქვეყანა კვლავ ენერგეტიკულად მოწყვლადი დარჩა.
ელექტროსადგურები მხოლოდ ეკონომიკური პროექტები არ არის. ისინი ენერგოდამოუკიდებლობის, სისტემის მდგრადობისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გასულ ღამეს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. ავტომატურად შეჩერდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურების ფუნქციონირებაც. ელექტროენერგიის გათიშვის გამო ტელეფონის სიხშირეები გაითიშა და მოქალაქეებს ინტერნეტთან წვდომა შეუწყდათ.
თაგები:
რომან გოცირიძე




