რუბიო - არის ჩვენი ინტერესი, ანტიამერიკული მთავრობა იყოს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კითხვა დაუსვა.
ჯო უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით.
„მადლიერი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს. მათ კრიმინალიზაცია მოახდინეს ამერიკასთან ასოცირების შესახებ. მათ გააძევეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წიაღისეულის ხელმისაწვდომობა შუა დერეფანში, მიჰყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. მათ არაერთხელ შეურაცხყვეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. ამის გათვალისწინებით, ძალიან მადლიერი ვარ, რომ „რონდელის ფონდთან“ ერთად, გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც მიუთითებს კონტროლზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ საქართველოში და მსურს, ეს წარმოვადგინო ჩანაწერისთვის. გარდა ამისა, 200 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარული ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ეხვევიან ამერიკულ დროშებში და ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის პოსტერებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხალხის სახელით რეალური ფასი დააკისროს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას?“ – მიმართა ჯო უილსონმა რუბიოს.
მარკო რუბიომ პასუხად აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანია ეროვნული ინტერესები.
"დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, უპირველესია აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება", - განაცხადა რუბიომ.
თაგები:
მარკო რუბიო

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა