
ავტორი
Front News საქართველო
30 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა კიევი და კიევის ოლქი, ლვოვი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, პოლტავა და სხვა რეგიონები. არის მსხვერპლი და ნგრევა.
რუსეთმა 74 რაკეტა და 284 დრონი გაუშვა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 358 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს ან ჩაჭრეს.
დარტყმები კიევსა და ოლქში: დედაქალაქში 31 წლის მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურ "პოჩაინასთან" ახლოს მდებარე ბაზარსა და ავტოფარეხებს ცეცხლი გაუჩნდა. კიევის ოლქში, კერძო სახლში ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.
ტრაგედია კრივი-რიჰში: ბალისტიკური რაკეტა რადუშნეში მრავალშვილიანი ოჯახის სახლს მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი (6 წლის გოგონა და ორი ბიჭი - 11 და 17 წლის). დაღუპულები ერთი მრავალშვილიანი ოჯახის წევრები იყვნენ. მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს კიდევ ორი ბავშვი. რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბიჭი - 6 და 15 წლის და 84 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 47 წლის არტემი და 41 წლის ელენა, სამ შვილთან ერთად. ოჯახი 10 ბავშვს ზრდიდა. დარტყმის დროს სახლში სხვა ბავშვები და მათი შვილიშვილიც იმყოფებოდა. ნგრევის მასშტაბის გამო, ზოგიერთი მსხვერპლის იდენტიფიცირება დნმ-ის ტესტირების გზით იქნება საჭირო. გენეტიკური ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ტრაგედიის გამო, 31 ივლისი კრივი-რიჰში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დარტყმა ლვოვზე: რაკეტა პირდაპირ საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი, სკოლა და ორი საბავშვო ბაღი. ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
პოლტავის ოლქში საწყობებზე დრონის დარტყმის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. რუსები ასევე თავს დაესხნენ „ნოვა პოშტას“ ტერმინალს.
ინციდენტი პოლონეთში: ლუბლინის სავოევოდოს მინდორში 10 მეტრიანი კრატერი და უცნობი ობიექტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მონიტორინგის არხების ცნობით, მტერმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები, "ცირკონები", ფრთოსანი რაკეტები Kh-101 და "კალიბრი", "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ღამის თავდასხმის დროს რუსეთმა გამოიყენა 70-ზე მეტი რაკეტა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური იყო, ასევე 280-ზე მეტი თავდასხმის დრონი. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს 260-ზე მეტი დრონის განადგურება, დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტები ჩამოაგდეს უკრაინულმა საბრძოლო ავიაციამ და მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის რუსული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანის დაღუპვის შესახებ არის ცნობილი. ყველაზე მძიმე ტრაგედია დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბა რადუშნეში მოხდა, სადაც ბალისტიკურმა რაკეტამ მრავალშვილიანი ოჯახის სახლი გაანადგურა. სამაშველო სამუშაოები ასევე გრძელდება ლვოვში, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი შენობა დაბომბეს.
ზელენსკის განცხადებით, ამ დარტყმამ კიდევ ერთხელ აჩვენა უკრაინისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ანტიბალისტიკური რაკეტების კრიტიკული საჭიროება. მისივე თქმით, ასეთი დახმარების მიწოდების შეფერხება პირდაპირ იწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს და ინფრასტრუქტურის განადგურებას.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს