Logo

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინა
1155
Frontnews image description

რუსეთის ძალების დარტყმას ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 32 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულთა შორის 13 წლის გოგონაა, რომლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“მტერმა მართვადი საავიაციო ბომბებით საცხოვრებელ ზონას დაარტყა. ამ დროისთვის ცნობილია 13 დაღუპულის და 32 დაშავებულის შესახებ. ყველა დაჭრილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. სულ მცირე ოთხი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა ივან ფიოდოროვმა.

მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

როგორც მან აღნიშნა, 9 იანვარს ზაპოროჟიეში გლოვის დღე გამოცხადდა.

დაღუპულთა ოჯახებს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა.

მისი თქმით, არაფერია უფრო სასტიკი, ვიდრე საჰაერო ბომბები ქალაქზე, რომლითაც ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.

ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა მსოფლიოს უპასუხოს რუსეთის აგრესიის ამ გამოვლინებას.

“ჩვენ გვჭირდება ზეწოლა რუსეთზე ტერორისთვის, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინაში სიცოცხლის დაცვას. ასეთი ომის დასრულება საიმედო მშვიდობით მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Advertisement