რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლმა ზელენსკის ლიკვიდაციაზე არაოფიციალური აკრძალვა მოხსნა

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსეთის უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე თითქოსდა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელობის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ არაოფიციალური აკრძალვის მოხსნის თაობაზე, - ინფორმაციას რუსულ გამოცემა „МК“ ავრცელებს.
რუსული წყაროების ცნობით, დახურული თათბირის დროს ძალოვნებმა მოითხოვეს, უარი ეთქვათ უკრაინის ხელმძღვანელობის ხელშეუხებლობის შესახებ ადრე მიღწეულ შეთანხმებებზე. საბაბად ლენინგრადის ოლქზე, კერძოდ, უსტ-ლუგას პორტზე უპილოტო საფრენი აპარატების ხანგრძლივი თავდასხმები დასახელდა.
სხდომის მონაწილეებმა პასიური თავდაცვის სტრატეგია უპერსპექტივოდ მიიჩნიეს. მათი აზრით, გამოყოფილი სახსრებიც კი არ იძლევა მთელი ტერიტორიის დრონებისგან დაცვის საშუალებას, უკრაინულ ხიდებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე კი საპასუხო დარტყმები რუსულ საწარმოებზე თავდასხმებს ვერ აჩერებს.
ამიტომ, ძალოვანმა ბლოკმა შესთავაზა იმ პირთა წერტილოვან განადგურებაზე გადასვლა, ვინც ბრძანებებს გასცემს, რაც ასევე ახსნეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიევთან მოლაპარაკების შეუძლებლობით.
რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ სპეცსამსახურებმა და ავიაციამ შესაძლოა, მიიღონ ნებართვა, გამოიყენონ მძიმე ჰიპერბგერითი შეიარაღება უკრაინის ხელმძღვანელობის ბუნკერების და კორტეჟების წინააღმდეგ. ღრმა თავშესაფრების გასანადგურებლად კი შეთავაზებულია სამტონიანი მართვადი საავიაციო ბომბების "ფაბ-3000"-ისა და ბალისტიკური რაკეტების „ისკანდერის“ გამოყენება.
რუსეთმა აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე თავისი დელეგაციის შემადგენლობაში შეიყვანა „ეფ-ეს-ბეს“ კონტრდაზვერვითი ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დმიტრი მინაევი. ეს სტრუქტურა ადრე უკავშირდებოდა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მკვლელობის მცდელობას ჯერ კიდევ 2019 წელს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




