რუტე - რუსეთი ნატოს მიმართ ბირთვული შანტაჟით უკრაინაში განცდილი დამარცხებების გადაფარვას ცდილობს

ავტორი
Frontnews საქართველო
ნატო ალიანსის ტერიტორიაზე უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს და რუსეთის დაშინებას უკრაინაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად მიიჩნევს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
ალიანსის ლიდერის განცხადებები მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთისგან მიღებული წერილის შესახებ, რომელშიც მოსკოვი აცხადებს, რომ მზად იქნება გამოიყენოს თავისი მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, თუ ნატოს წევრი ქვეყნები შეეცდებიან კალინინგრადის ოლქის იზოლირებას ან მის მოწყვეტას რუსეთის ძირითადი მატერიკული ნაწილისგან.
რუტემ წერილის შინაარსის დადასტურებაზე უარი განაცხადა, თუმცა რუსეთს ბირთვული შანტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად მზადაა თავისი მოკავშირეების დასაცავად.
"ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ეს მთელ ნატოს ეხება. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ასეთი საფრთხე არ არსებობს და თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ, მას წინ აღვუდგეთ“, - განაცხადა რუტემ.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ის ასეთ საფრთხეებს სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან რუსეთი ვერასდროს მოიგებს ნატოსთან დაპირისპირებას.
"ყველამ იცის, რომ ის (ვლადიმერ პუტინი) ვერასდროს შეძლებს ნატოს დამარცხებას. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ნათლად განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და შევაჩეროთ ომი უკრაინაში და დავასრულოთ ბირთვული საფრთხეები“, - განაცხადა რუტემ.
მისივე თქმით, კრემლის მიერ რიტორიკის ბოლო ესკალაცია გამომდინარეობს იქიდან, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი მოსკოვის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ცდილობს ალიანსის მოკავშირეების გახლეჩას და ყურადღების გადატანას.
ნატოს მონაცემებით, რუსული არმია ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე 43 000 ჯარისკაცს (დაღუპული ან მძიმედ დაჭრილი) კარგავს. ამავდროულად, კიევის მდგომარეობა ერთი წლის წინანდელთან შედარებით უკეთესადაა და მისი პარტნიორები სამხედრო მხარდაჭერას აგრძელებენ.
გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გაზარდონ თავდაცვაში ინვესტიციები და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.
თაგები:
მარკ რუტე




