"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - 9 თვეში ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროების და დაშინების 180-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა


ავტორი
Front News საქართველო
გრძელდება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც.
"გრძელდება დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ტიპის ხელშეშლის მანკიერი პრაქტიკა. 2025 წლის 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) მონაცემებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკვე 180-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა აღრიცხა, მათგან ნახევარზე მეტი - ბოლო 5 თვეში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საგანგაშო ტენდენციასთან ერთად, სახიფათო პრაქტიკის სახე შეიძინა „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების პარტიული ინტერესების შესაბამისად ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებამ. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ და ნათლად ვლინდება ჟურნალისტების გახშირებულ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში, მანდატურების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაში და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობაში.
2025 წელს, ტენდენციის სახე ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესების გადაღებისას სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების შექმნასა და ჟურნალისტების სასამართლო დარბაზებიდან გაძევებას, რაც საბოლოოდ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებების სრული აკრძალვით დაგვირგვინდა. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა და გაართულა სასამართლოებში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება და ისედაც დახურული სისტემა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახადა.
მიმდინარე წელი საგანგაშო იყო დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების თვალსაზრისითაც, რითაც ისედაც მწირი ფინანსური და ტექნიკური რესურსების მქონე მედიის საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა, რიგ შემთხვევებში კი - შეუძლებელიც გახადა.
2025 წელი დრამატულად რთული იყო რეგიონული მედიისთვისაც. "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო, მიმდინარე წელს, 21 რეგიონული მაუწყებლიდან ყოველდღიურ ახალ ამბებს ვეღარ აწარმოებს 17. მათ შორის, წლის დასაწყისში, მრავალწლიანი ოპერირების შემდეგ, მაუწყებლობა სრულად შეაჩერეს ტელეკომპანიებმა - „ბორჯომმა და „TV 25-მა“ (აჭარა), ასევე ახალციხის ტელევიზია „მეცხრე არხი ახალციხემ“.
ამასთან, მფლობელებს შორის უთანხმოების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჯერ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მაისში კი სრულად დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელევიზია „მთავარი არხი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"საერთაშორისო გამჭვირვალობა"

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს