საიამ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ავტორი
Front News საქართველო
საიამ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ნორმებს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას.
აღნიშნული აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას. ახალი რეგულაცია არ ემსახურება არავითარი ღირებული კონსტიტუციური ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ფაქტობრივად, ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს – ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით, რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ შრომის ფასად მიღებული შემოსავალი ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად ემიგრანტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და დიპლომატიურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების გახსნას არჩევნების ჩატარებისას. ამრიგად, საარჩევნო უფლების დაცვის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო რჩება იმ ძირითად ქვეყნის შიდა მექანიზმად, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვა“, - განაცხადა თამარ ონიანმა.





