Logo

საკანონმდებლო ორგანომ "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პოლიტიკა
206
Frontnews image description

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც მარიხუანას და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, "სისხლის სამართლის კოდექსიდან“ ამოღებული იქნება ის მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.

„წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებასა და გავრცელებას შეუწყო ხელი. კამპანიური ხასიათის ღონისძიებები ხორციელდებოდა, თითქოს მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. ანალოგიური კამპანია იწარმოებოდა ე.წ.კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, რამაც საბოლოო ჯამში, ამ საშუალების მოხმარების ზრდა გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი აწუხებს საზოგადოებას და  წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისათვის. თუ გვინდა, რომ ჩვენს მომავალზე ვიზრუნოთ, აუცილებელია არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც  მინიმუმამდე დაიყვანს ამ საშუალების გავრცელებას და მოხმარებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს თავისუფლების 6 წლამდე აღკვეთას.

არჩილ გორდულაძის თქმით, გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანას და მცენარე კანაფის კულტივაცია და რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

"ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, როგორც რეალიზაციისთვის. ეს ცვლილება ე.წ.დამდებებზე გავრცელდება, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ნარკოტიკულ საშუალებებს დებენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

Advertisement