Logo

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

სპორტი
776
Frontnews
საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ალექსანდრე კობახიძის გუნდი საბერძნეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი წუთებიდან უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა ტაიმის მიმდინარეობისას ინიციატივა მეტოქემ გადაიბარა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 49-ე წუთზე, ანგარიში ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ანდრია ბართიშვილმა გახსნა. საბერძნეთმა მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეტოქემ გადამწყვეტი გოლი 70-ე წუთზე გაიტანა. ქართველებმა ბოლო წუთებამდე იბრძოლეს, თუმცა თამაშში დაბრუნება ვერ შეძლეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა 24 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი 1:5 დასრულდა.

სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადადიოდა. ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 0 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გადავიდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები