Logo

"საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე"

პოლიტიკა
271
Frontnews image description

დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, - ამის შესახებ "ოპოზიციური პარტიების ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, პარტიები თანხმდებიან, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. 

"დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.
ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:

ერთობა ერთფეროვნების გარეშე: ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.

დემოკრატიული ალტერნატივა: პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.

პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი: მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღევანდელი საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური ერთობა შედგა. ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.

თაგები:

ოპოზიცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები