Logo

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

სამართალი
129
Frontnews
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 768 107 ლარის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით 2011 წლის 16 ნოემბრიდან - 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით, თითქოსდა ოპერატიული მიზნობრიობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა ჯამში 768 107 ლარი. 
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების და გაფლანგვის ფაქტების დაფარვის მიზნით, მეგის ქარდავას დავალებით შედგა ფიქტიური დოკუმენტაცია, თითქოსდა ავღანეთის რესპუბლიკაში მივლენილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის ფულადი სახსრების დახარჯვის შესახებ, რითაც ხსენებული თანხები ჩამოიწერა და ბუღალტრულად გასწორდა.

ბრალდებულს ბრალდება 10 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 11 წლით აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 5 წლით და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები