სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია, ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.





