Logo

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია "საქართველოსთვის" რეგისტრაცია

პოლიტიკა
175
Frontnews image description

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "საქართველოსთვის" რეგისტრაციის თაობაზე შესული განცხადება განიხილა, თანდართულ მასალებთან ერთად და დაადგინა, რომ წარდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია "საქართველოსთვის“ რეგისტრაცია.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ფრაქციაში პარლამენტის ათი წევრი იქნება გაერთიანებული და მას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

დღევანდელ სხდომაზე დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

"ამ მოწვევის პარლამენტში მიღებული კანონების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ მონაცემის შესწავლის მიზნით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სხვადასხვა კომიტეტს 47 შეხსენების წერილი გადაუგზავნა. ამავე მოწვევის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიღებული 82 კანონით გათვალისწინებული 182 დავალება გააკონტროლა. ამ დავალებების დიდი ნაწილი შესრულებულია, კერძოდ, 67 კანონით გათვალისწინებული - 131 დავალება, 15 კანონით გათვალისწინებული 51 დავალება კი შესრულების პროცესშია. რაც შეეხება კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრულ იმ დავალებებს, რომელთა შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, კომიტეტის მხრიდან კონტროლი სისტემატურად გრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Advertisement