
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
"ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სების მიერ რეგულირებულ სუბიექტს.
ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.
ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია დაასანქცირა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს