Logo

შალვა კერესელიძე - გაათავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე

პოლიტიკა
315
Frontnews image description

ჩემი დღევანდელი პოლიტგანცხადება მინდა დავიწყო მოწოდებით და მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რათა მოისმინოთ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული ჭიათურელების შეწყალების მოთხოვნით მათ მიერ მომზადებულ შუამდგომლობას პრეზიდენტს მიმდინარე სესიის დასრულებისთანავე გადაუგზავნიან. 

"ჩემი დღევანდელი პოლიტგანცხადება მინდა დავიწყო მოწოდებით და მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რათა მოისმინოთ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი. ისინი ითხოვენ: 

დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის განთავისუფლებას;

შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა;

ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას;

ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან  ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული ღია კარიერები, მოსახლეობისგან დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და  განადგურებული ინფრასტრუქტურა.

ჭიათურელი მაღაროელები სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გამო, უწყვეტად მართავდნენ აქციებს ჭიათურაში და სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მაგრამ მათი მოთხოვნები და გასაჭირი ყურად არავის არ იღო. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დამოკიდებულია მხოლოდ ერთ საწარმოზე და ამ საწარმოს მიღმა, სამწუხაროდ, დასაქმებისა და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭიათურის მოსახლეობის 60% მეტი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი საარსებო შემწეობის მიმღებია. 

ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება მწვავე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. 

სწორედ ამიტომ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი და ფრაქცია "საქართველოსთვის“ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაპატიმრებულ მაღაროელებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თუ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური ვითარების დამშვიდება და დაძაბულობის განმუხტვა ნუ დაიწყებთ მტყუან მართალის გარჩევას, ნურც დანაშაულის აღიარებას მოსთხოვთ ვინმეს და ნურც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს დააბრალებთ. შეურიგდით საკუთარ ხალხს, ახალგაზრდებს და გაანთავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. დამერწმუნეთ, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამაყად გექნებათ უფლება თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დეპოლარიზაციას და ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის დამყარებაზე. იმიტომ, რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და დემოკრატიული სტაბილურების აღდგენისკენ.

პრეზიდენტის სახელზე, ფრაქცია "საქართველოსთვის“ საპარლამენტო დეპუტატების მიერ მომზადებული ოფიციალური შუამდგომლობა დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების შესახებ, მომდინარეობს საზოგადოების მაღალი  ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მიმართულია მაღაროელთა უფლებების დაცვასა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. ჩვენ მიერ მომზადებულ შუამდგომლობას მაღაროელების შეწყალების შესახებ, პრეზიდენტს გავუგზავნით მიმდინარე სესიის დასრულებისთანავე", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები