შალვა კერესელიძე – თუ სამშობლოს მომავალი არ გადარდებთ, თქვენს საკუთარ მომავალზე მაინც იფიქრეთ

ავტორი
Front News საქართველო
უფრაქციო პარლამენტის წევრმა შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას “ქართული ოცნება“ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია “ნაცმოძრაობის“ მსგავსად სახელმწიფოებრივად არასწორ გზაზე დგას და ერთმანეთის პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ 2012 წლის „ქართული ოცნებიდან“ საზოგადოებამ მიიღო კორუფცია, მითვისებული სახელმწიფო ინსტიტუციები, კლანურ მმართველობად ქცეული სასამართლო სისტემა, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება, ქვეყნიდან გაქცეული ქართველები და დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნების მიზნით, საქართველოში ჩამოსახლებული ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები.
“ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და უკრაინის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება საერთაშორისო მხარდაჭერა. ასეთ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს ხელისუფლება შორდება ევროპას და უახლოვდება ოკუპანტ ჩრდილოელ მეზობელს.
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, რომელიც თავისი არსით გულისხმობს რუსეთის უდავოდ დამარცხებას, რაც თქვენ სამწუხაროდ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, აღმოჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს და XXI-საუკუნის ორჯონიკიძეების, მახარაძეების და ყორღანაშვილების სახელით შეხვალთ საქართველოს ისტორიაში. ამიტომ კარგად დაფიქრდით და საღი გონებით კარგად გაისიგრძეგანეთ საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალი და თუ სამშობლოს მომავალი არ გადარდებთ, თქვენს საკუთარ მომავალზე მაინც იფიქრეთ. თორემ მერე დიდმა თუ პატარამ რაც არ უნდა თქვათ თავს ვერაფრით გაიმართლებთ. დამპყრობელ სახელმწიფოსთან, და მის პროპაგანდისტებთან – სიმონიანებთან და სალავიოვებთან თანამშრომლობა კარგს არაფერს მოგიტანთ და ნუ გადაიქცევით ლავროვიჩ-გავრილოვიჩებად და მათ ხელისუფლებად.
მე არ მესმის თქვენი, რატომ გიმძიმთ ძალაუფლების დაკარგვა ან მისი შენარჩუნებისთვის ასეთ ხიბლში რატომ იმყოფებით თან ისე, რომ ვერ ხედავთ და სწორად ვეღარ აფასებთ ქვეყნის მომავალს, რისთვისაც მრავალი წელია ქართველი ხალხი იბრძვის. ვერ აფასებთ იმიტომ, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
თაგები:
შალვა კერესელიძე




