Logo

შალვა პაპუაშვილი - პარტია თუ ანტიკონსტიტუციურია, არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში

პოლიტიკა
125
Frontnews
შალვა პაპუაშვილი - პარტია თუ ანტიკონსტიტუციურია, არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში

პარტიები, რომლებიც სარჩელშია, ანტიკონსტიტუციურები არიან, დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, საკონსტიტუციო სასამართლო არგუმენტების სისწორეში დავარწმუნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს, რათა სარჩელს გაეცნოს და მოემზადოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განხილვის თავისი ვადები აქვს. ველოდებით, რომ სასამართლომ შესაბამისი პროცესები ვადებში ჩანიშნოს. პრეცედენტული საქმეა და გასაგებია, რომ სასამართლოს თავისი დრო სჭირდება, რათა სარჩელს გაეცნოს და მოემზადოს. კანონმდებლობით, ცხრათვიანი ვადაა განსაზღვრული. ჩვენი სარჩელი დასაბუთებულია. პარტიები, რომლებიც ამ სარჩელშია, ანტიკონსტიტუციურები არიან. დარწმუნებული ვართ, შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტების სისწორეში დავარწმუნოთ. რაც შეეხება სარჩელის შინაარსს, რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურია? გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს, რათა აკრძალოს AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“). ამ პარტიამ ერთ-ერთ მიწაზე გაიმარჯვა და დღეს გერმანიაში მხარდამჭერების რაოდენობით პირველ ადგილზეა. სწორედ ამ პარტიის აკრძალვაზეა საუბარი ისე, რომ თავად პარტიას არაფერი ჩაუდენია, ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა. მხოლოდ იმის გამო უნდათ აკრძალვა, რომ შეიძლება რაღაც დააშავოს და ვიღაც-ვიღაცების განცხადებები არ მოგვწონსო.

ჩვენს შემთხვევაში საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ. ამ ადამიანებმა ქვეყანაში წამების სისტემა შექმნეს, ტერიტორიები უბრძოლველად დატოვეს და რეკეტი შექმნეს. სააკაშვილიც და გვარამიაც ერთი და იგივე სახეებია. უკრაინაში ოც პარტიაზე მეტი გააუქმეს, სამი პარტია – მოლდოვაში. როცა კრიტიკოსების ხმები გვესმის, მათ შორის ბრიუსელიდან, რომ პარტიის გაუქმება როგორ შეიძლებაო, ძალიან კარგადაც შეიძლება. თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი კონსტიტუციაც ითვალისწინებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები