“შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს” – ტრამპი ყირიმთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადებას აკრიტიკებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები, რომ უკრაინა არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას, საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truthsocial-ში დაწერა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ზელენსკის ფოტო და მისი განცხადება, რომ “უკრაინა ლეგალურად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. სალაპარაკო არაფერია”.
ტრამპის თქმით, ეს განცხადება საზიანო იყო რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან ყირიმი წლების წინ დაიკარგა მაშინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს და განხილვის საგანიც კი არ იყო.
“არავინ ითხოვს, რომ ზელენსკიმ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს, მაგრამ თუ მას სჭირდება ყირიმი, მაშინ რატომ არ იბრძოდნენ ამისთვის თერთმეტი წლის წინ, როცა ის რუსეთს გადაეცათ ერთი გასროლის გარეშე?
ამ ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო რუსული წყალქვეშა ბაზები “ობამას გადაცემამდე” მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ ზელენსკის მსგავსი წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას საამაყო არაფერი აქვს“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, უკრაინისთვის ახლა რთული ვითარებაა.
“ვითარება უკრაინისთვის სავალალოა – მას შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი, გადავარჩინო საშუალოდ ხუთი ათასამდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან.
ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა “სიკვდილის ველის” გახანგრძლივებისა და ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კარგი კარტი, ბოლოს და ბოლოს უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, თავი დააღწიონ ამ სრულიად აბსოლუტურ უბედურებას, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – წერს ტრამპი.
