შეურაცხყოფა, სუბსიდიების გაუქმება და ახალი პარტია აშშ-ში - რა ვერ გაიყვეს მასკმა და ტრამპმა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ მეგობარსა და მრჩეველ ილონ მასკს დაუპირისპირდა. ორივემ სოციალურ ქსელებში საჯაროდ მკაცრი განცხადებების გაცვლა დაიწყო და კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავდება.
ილონ მასკს და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.
ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავიანიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ის თითქმის ყველაზე უკეთ იცოდა და ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა და თუ ნახეთ, განცხადებები, რომლებიც მან ჩემზე გააკეთა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ადვილად მოიპოვებთ, სულ ახალია. მან თქვა კარგი რაღაცები ჩემზე. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. თუმცა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. მასკის შეფასებით, კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისხმობს.
მოგვიანებით მასკმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერის გარეშე ტრამპს შესაძლოა, არჩევნები წაეგო.
"ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატები გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო რესპუბლიკელებს სენატში 51/49 ადგილი ექნებოდათ. რა უმადურობაა!“, - დაწერა მასკმა.
ამასობაში, X ქსელში მილიარდერმა დაიწყო გამოკითხვა აშშ-ში ახალი პარტიის შექმნის შესახებ.
"დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს მოსახლეობის 80%-ს“ - დაწერა მან.
მილიარდერმა აშშ-ის პრეზიდენტზე კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა.
"დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ: დონალდ ტრამპი მოხსენიებულია ეპშტეინის მასალებში. სწორედ ეს არის რეალური მიზეზი იმისა, რატომ არ გასაჯაროებულა ეს დოკუმენტები ამ დრომდე. კარგ დღეს გისურვებ, DJT!" - წერს ის.
"ეპშტეინის საქმე" - ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. გამოძიების თანახმად, მას ჰქონდა ფართო ქსელი, სადაც არასრულწლოვანების გადაბირება, სექსუალური ძალადობა და სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანებისთვის მათი "მომსახურება" შედიოდა. საქმის შესახებ დოკუმენტები წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.
წლის დასაწყისში დოკუმენტების ნაწილი ეპშტეინის საქმეში ჩართული პირების სახელებით გასაჯაროვდა. CNN-ის ცნობით, დოკუმენტებში მოცემულია სიბერგის ჩვენება, რომელიც მუშაობდა ეპშტეინთან მასაჟისტად. მან აიძულა, რომ ეროტიკული მასაჟები გაეკეთებინა. მან გაიხსენა, რომ როდესაც ეპშტეინთან ერთად იმყოფებოდა მის ერთ-ერთ თვითმფრინავში, შესთავაზა დონალდ ტრამპს დაკავშირებოდნენ, თუმცა სიბერგმა მოგვიანებით ჩვენება მისცა, რომ ტრამპს არასდროს გაუკეთებია მასაჟი და საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ტრამპი საერთოდ არ არის დადანაშაულებული ეპშტეინთან დაკავშირებულ რაიმე დანაშაულში.
ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი.
66 წლის ეპშტეინი ციხეში გარდაცვლილი 2019 წლის აგვისტოში იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა არაერთი ეჭვი გაჩნდა, რომ ის შესაძლოა, მოკლეს იმ მიზნით, რომ გავლენიანი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა.
აღსანიშნავია, რომ მასკის საკუთრებაში არსებული Tesla-ს აქციები ტრამპთან მისი კონფლიქტის ესკალაციის ფონზე 20%-ით დაეცა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა