Logo

შიო მესამე – ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია

საზოგადოება
271
Frontnews
შიო მესამე – ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია

დღეს, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, რადგან საეკლესიო საიდუმლოებები, შეუძლებელია, სრულდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ საიდუმლოებებში მთელი ეკლესია მონაწილეობს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ აჭარაში განაცხადა, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობა გაიმართა.

„გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, გილოცავთ ახალ ნათელღებულნო, ჩვენო საყვარელო აჭარლებო, ნათლიებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, გმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით. დღეს აქ, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს დღეს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, რადგან საეკლესიო საიდუმლოებები, შეუძლებელია, რომ სრულდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ საიდუმლოებებში მთელი ეკლესია მონაწილეობს. ამ ნათლობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც, ღვთისმსახურები, მგალობლები, ნათლიები, მთელი ეკლესია. და, აი, ჩვენ ყველანი, უფალ იესო ქრისტეთან ერთად, დედა ღვთისმშობელთან ერთად, წმინდანებიც და ცოდვილებიც ვართ ქრისტეს ეკლესიის წევრები. ეკლესია ვართ ყველანი, ვინც ქრისტეს სახელით ვართ შეკრებილი. ჩვენ, ყველანი, დიდი საეკლესიო ოჯახი, დღეს ამ ახალ ნათელღებულებს შევხვდით ემბაზთან ნათლიების მსგავსად და ისინი მივიღეთ ჩვენს დიდ საეკლესიო ოჯახში ჩვენს ახლობლებად. ამიტომ ხარობს დღეს მთელი ეკლესია, რომ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „დღეს ახალნათელღებულებლნი აღარ არიან მხოლოდ შვილნი ხორცთანი, არამედ ღვთის სასუფევლის შვილები გახდნენ“. ამას ვზეიმობთ ყველანი, ეს ყოველი ჩვენგანის სიხარულია. განსაკუთრებით აქ, ზემო აჭარაში, ეს მოვლენა.

ნათლობის საიდუმლოება არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან გათავისუფლების, ეშმაკის ტყვეობისგან გათავისუფლების. მაგრამ პირველყოვლისა, ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ვინც არ იშვება სულისაგან და წყლისა, ვერ შევა სასუფეველში“. ნათლობის დროს ხილულად ადამიანი წყლით განიბანება, წყალში ჩადის, შედის, მაგრამ უხილავად იგი განიბანება, განიწმინდება სულიწმიდის მადლით და წყალში ჩასვლით ის თითქოს ქრება და კვდება ამა სოფლისთვის, შემდეგ უკვე ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა მანამდე ჩადენილი. ეპატიება პირველქმნილი ცოდვაც, ურიგდება ღმერთს და თავისუფლდება ბოროტის, ეშმაკის ტყვეობისგან. ხდება ეკლესიის წევრი, განიწმინდება და სრულიად განახლდება.

დღეს მოინათლნენ ასევე ზრდასრული ადამიანებიც და მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როდესაც ინათლება, აუცილებელია, რომ ჰქონდეს რწმენა, რადგან რწმენის გარეშე შესრულდება მხოლოდ გარეგნული მხარე ამ მსახურების, ხოლო უხილავი სულიწმიდის ნიჭები ადამიანს არ მიეცემა და ის ვერ მიიღებს იმ მადლს, რაც ნათლისღებით დადგენილია უფლისგან. ასევე აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს მთავარი დოგმატები ჩვენი ეკლესიისა, რაც არის გადმოცემული სარწმუნოების სიმბოლოში.

დღეს ჩვენ სიხარულს საზღვარი არ აქვს. მახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „მტკიცე იყვენით და შეურყეველ და მარადის ხმატყვეთ საქმისა უფლისასა“. ე.ი. მუდამ მატულობდეს თქვენში ეს მისწრაფება ღვთისკენ, საქმეები უფლისა. დღევანდელი დღე, დასტურია იმის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი საყვარელი აჭარლები საკუთრივ, განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას. მთელი ჩვენი ისტორიის გაკვეთილი ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება. დედა ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელებს და საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება.

მინდა, დავლოცო მთელი აჭარა და აქ მობრძანებული ადამიანები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დედა ღვთისმშობლის მეოხებით, ლოცვით გადაარჩინოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა ნათლობის დასრულების შემდეგ.

თაგები:

შიო მესამე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები