შსს-მ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო კამპანიის – „ბავშვთა ქორწინების პრევენცია – საერთო პასუხისმგებლობაა“ გახსნის ღონისძიება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კამპანიის მიზანია ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. მათ ბავშვთა ქორწინების პრევენციის მნიშვნელობაზე, სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობასა და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები.
თაგები:
ბავშვთა ქორწინების პრევენცია




