Logo

სიბიგა - გერმანია და უკრაინა გააგრძელებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას

უკრაინა
242
Frontnews
სიბიგა - გერმანია და უკრაინა გააგრძელებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას

გერმანია და უკრაინა გააგრძელებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას. ეს მოიცავს იარაღის ერთობლივ წარმოებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მისი გაყინული აქტივების გამოყენებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოჰან ვადეპულთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანია, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის დახმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, წამყვან როლს თამაშობს უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამომავლო აღდგენის სფეროებში თანამშრომლობაში, რომლის გაფართოებაც იგეგმება.

"ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. კონკრეტული პროექტები თავდაცვის ინდუსტრიაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო კოალიცია კარგ პროგრესს განიცდის და გერმანია მასში აქტიურ როლს ასრულებს. რთული წარმოსადგენია, გერმანული კომპანიების გარეშე ეს რეალობად ქცეულიყო“, – განაცხადა სიბიგამ.

ამასთან, სიბიგას თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში სამართლიანი მშვიდობისკენ პროგრესის მიღწევა შეერთებული შტატების გარეშე არარეალურია.

"ჩვენ მივესალმებით ასეთ ჩართულობას. მივესალმებით ამერიკული მხარის მიერ გამოვლენილ ლიდერობას. საბოლოო ჯამში, ამერიკელების, აშშ-ის გარეშე ამ სიტუაციაში პროგრესის მიღწევა და სამართლიანი მშვიდობის დამყარება არარეალურია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრაზე სამშვიდობო ძალისხმევაში ევროპის როლი განიხილეს.

"უკრაინას აქვს იდეები, მათ შორის კრეატიულიც, რათა პროცესი მაქსიმალურად გააძლიეროს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ჩამოსვლას. მე და იოჰანმა ასევე განვიხილეთ ევროპის როლი ამ სამშვიდობო ძალისხმევაში“, – განაცხადა სიბიგამ.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი დაბრკოლება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

"ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, პირველ რიგში, ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, როგორ მივიყვანოთ ეს ომი დასასრულამდე. ამისთვის არსებობს ერთი და პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება – პუტინი. ბრძოლის ველზე არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსული მხარე მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. პირიქით, გააძლიერეს ტერორი“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები