Logo

სიმონ ჯანაშია – “ილიას უნივერსიტეტს” პირობითი ავტორიზაცია მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნები ჰქონდა

Frontnews image description

გუშინ “ილიას უნივერსიტეტს” პირობითი ავტორიზაცია მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნები ჰქონდა. “ქართული ოცნება” ცდილობს, დაატეროროს და ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალი არიან, – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა და “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა.

მან განმარტა ის სავარაუდო მიზეზები, რის გამოც, მისი თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს “ქართული ოცნება” ავიწროებს.

“ის, რომ “ქართული ოცნება” ქართულ საზოგადოებას ატერორებს, ეს გუშინაც ვნახეთ, როდესაც ბანერები გააკრეს. ამ ბანერების გაკვრის პარალელურად, გუშინ კიდევ ერთი სამწუხარო რამ გააკეთეს. გუშინ “ილიას უნივერსიტეტს”, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, პირობითი ავტორიზაცია მისცეს. რას ნიშნავს ახლა ეს – მიუხედავად იმისა, რომ “ილიას უნივერსიტეტს” ყველა მიმართულებით ჰქონდა დადებითი დასკვნა, გუშინდელ შეხვედრაზე ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი სრულად  ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს და დამსწრე საზოგადოებას უთხრეს, რომ უნივერსიტეტი მიიღებს პირობით ავტორიზაციას, ერთი წლის შემდეგ გაივლის შემოწმებას და გაირკვევა, ექნება თუ არა უნივერსიტეტს ავტორიზაცია. როცა მათ სთხოვეს, რომ განემარტათ ეს მიზეზები, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თუ არ ვცდები, ზურაბ ორჯონიკიძემ განაცხადა, რომ უნდა გასულიყო. სავარაუდოდ, იქ ვიღაცას მოეთათბირა, დაბრუნდა ისევ ავტორიზაციის საბჭოზე და განაცხადა,  რომ  არ არის ვალდებული განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ასე. ვერაფრით ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება.

რატომ მოხდა ეს – შარშან, ჯერ კიდევ პირველად, რომ გამოიტანეს “რუსული კანონი”, მაშინ ილიაუნის სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და “ქართული ოცნებისთვის” ასევე, ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ როდესაც აქ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მას “ილიას” სტუდენტებთან ჰქონდა, რომელზეც ხელისუფლება არ მიიწვიეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო “ილიას” უნივერსიტეტზე შეტევა, მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს. მეორედ, რომ გამოიტანეს “რუსული კანონი” მაშინაც აქტიურობდნენ სტუდენტები და პროფესორების ნაწილმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადათ და თქვეს, რომ შეეძლოთ, ლექციები გაეცდინათ აქციების გამო. წერილს, სადაც უნივერსიტეტები აცხადებდნენ, რომ ემიჯნებოდნენ პოლიტიკას, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა არ მოაწერა ხელი. ამ ფორმებითა და გადაწყვეტილებებით “ქართული ოცნება” ცდილობს, დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალი არიან”, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

თაგები:

ილიაუნი
Advertisement