Logo

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამართალი
47
Frontnews image description

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას გადაამოწმონ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება. მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის მცდარ წარმოდგენებს არსებული რეალობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები