სუსი – გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.
“გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.
გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.


გიორგი გახარია – გთხოვთ, რომ ემსახუროთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს

“საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით”

სუს-მა “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა