სუსი - ლევან ხაბეიშვილი ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას


ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"სისხლის სამართლის საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი – ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებულ იქნა ჩვენ მიერ ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს