თამთა მიქელაძე - რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად, არ ვიცით ამ დრომდე სად არის აფგან სადიგოვი

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად. ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე სად არის აფგან სადიგოვი და რა ბედი ელის აზერბაიჯანში, - ამის შესახებ უფლებადამცველი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.
"შსს ტყუის საკუთარ განცხადებებში.
1. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაშია, სანამ მას ევროპული სასამართლო თავად არ გააუქმებს და არ დარწმუნდება, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობს.
ამიტომ აფგან სადიგოვის საქმე არის პირველი შემთხვევა, როცა საქმეში ღიად და პირდაპირ იყო ჩართული საერთაშორისო სამართალი და საქართველოს სახელმწიფომ ის დაარღვია.
ჩვენ გუშინ ღამითვე ვაცნობეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროპულ სასამართლოს და ვთხოვეთ ახალი დროებითი ღონისძიების გამოცემა ამ საქმეზე საქართველოსთვის.
2. აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა. მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი.
ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო. ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებული, აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების გამო.
მაგრამ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია (სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყევტის შემდეგ, რატომ უნდა ყოფილიყო პასპორტი დეაქტივიტირებული ამის დასაბუთებაც არ წარმოადგინა შსს-მ), სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ მისცეს.
საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად.
ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე სად არის აფგან სადიგოვი და რა ბედი ელის აზერბაიჯანში. როგორც კი გავიგებთ ამ ინფორმაციას, მოგაწვდით.
დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტის რეაგირება უმკაცრესი იქნება", - წერს მიქელაძე.





