ტარიელ კაკაბაძე - ექსტრადირება არ იქნება მარტივი, რადგან ფარცხალაძე გახლავთ რუსეთის მოქალაქე, თუმცა ვნახოთ

ავტორი
Front News საქართველო
მე ვაცხადებდი, რომ შემკვეთი უნდა დადგენილიყო, დღეს უკვე შსს-მ დაადასტურა, რომ ჩემი ეჭვები, რომელსაც მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი საჯაროდ ვაჟღერებდი, გამართლდა და ოთარ ფარცხალაძე არის ამ მკვლელობის შემკვეთი პირი, - ამის შესახებ Front News-თან ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში თავდაპირველად გამოძიება არასწორი გზით მიდიოდა.
"როდესაც აღნიშნული მკვლელობა მოხდა, მე თავიდანვე განვაცხადე, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი მიმართულებით. გამოძიება ჯიუტად ამტკიცებდა იმას, რომ თითქოს, გელა უძილაურმა თავად, პირადი გადაწყვეტილებით მოკლა ლევან ჯანგველაძე და თითქოს, ეს არ იყო შეკვეთილი მკვლელობა. რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალეს პროკურორი, შეცვალეს კვალიფიკაცია, სწორი კვალიფიკაციით გააგრძელეს საქმეზე გამოძიება და უკვე სწორი კვალიფიკაციით მიეცა საშუალება საგამოძიებო ორგანოს, რომ მოეპოვებინა სხვადასხვა მტკიცებულებები, რომლითაც ცალსახად და უტყუარად დადგინდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და აქ მარტო გელა უძილაური კი არა, არამედ არაერთი პირი მონაწილეობდა და მათ როლები ჰქონდათ გადანაწილებული. ამის შემდეგ, როდესაც გაჟღერდა ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ამ სისხლის სამართლის საქმეში, მე ვაცხადებდი, რომ უნდა გამოკითხულიყო და ეპასუხა უმნიშვნელოვანესი შეკითხვებისთვის ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა ის არავის დაუბარებია გამოკითხვაზე და მე ამის გამო ვაკრიტიკებდი გამოძიებას, ვსაუბრობდი მის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებულ კითხვებზე, აღნიშნული კითხვები კი აუცილებლად საჭიროებდა პასუხებს. მე ვაცხადებდი, რომ შემკვეთი უნდა დადგენილიყო, ისე არ შეიძლებოდა ამ საქმის დატოვება. დღეს უკვე ჩაატარა შსს-მ ბრიფინგი და დაადასტურეს, რომ ჩემი ეჭვები, რომელსაც მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი საჯაროდ ვაჟღერებდი, გამართლდა და განაცხადეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის ამ მკვლელობის შემკვეთი პირი. მე, რა თქმა უნდა, ვიქნები კრიტიკული და ასე გავაგრძელებ საქმესთან მიდგომას, იმიტომ, რომ შედეგი რომ დადო, უნდა იყო კრიტიკული და არა კმაყოფილი.
რაც შეეხება ექსტრადირებას, ეს არ იქნება მარტივი, რადგან ფარცხალაძე გახლავთ რუსეთის მოქალაქე, თუმცა ვნახოთ.
რაც შეეხება მიზეზს, ბოლო პერიოდში ჯანგველაძის და ფარცხალაძის გაუგებრობები უფრო სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა", - განაცხადა ტარიელ კირკიტაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
თაგები:
ტარიელ კაკაბაძე




