Logo

ტატა ხვედელიანი - ეს არა მხოლოდ საშინელი ტრაგედიაა, არამედ გულგრილობის, არაკომპეტენტურობის, კორუმპირებულობის და უპასუხისმგებლობის შედეგია

პოლიტიკა
278
Frontnews image description

ეს არა მხოლოდ საშინელი ტრაგედიაა, არამედ თბილისის მთავრობის გულგრილობის, არაკომპეტენტურობის, კორუმპირებულობის და უპასუხისმგებლობის შედეგია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანება “გახარია საქართველოსთვის” თბილისის ორგანიზაცია იწყებს სოციალური მედიის კამპანიას #ავარიულითბილისი.

"გუშინ ყველამ ვიხილეთ ტრაგედია, რომელიც დატრიალდა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. პირველ რიგში გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს.

ეს არა მხოლოდ საშინელი ტრაგედიაა, არამედ -  თბილისის მთავრობის გულგრილობის, არაკომპეტენტურობის, კორუმპირებულობის და უპასუხისმგებლობის შედეგია.

თბილისის მერის განცხადება კი იყო ცინიკური, კიდევ ერთხელ ვნახეთ როგორ ცდილობს საკუთარი პასუხისმგებლობა ისევ ხალხს გადააბრალოს.

ჩვენ  თბილისის მერიას მათ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ - როცა შენობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებლებს, არამედ გარშემო მოძრავ ადამიანებსაც, კანონი ამბობს, რომ მერიამ უნდა იმოქმედოს - თანხმობის გარეშეც.

მარტივად - ადამიანების სიცოცხლის დაცვა არა მერიის კეთილი ნება, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა!

რაც გუშინ მოხდა, შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ. კანონი ამის ვალდებულებას აკისრებდა. მაგრამ ადამიანების სიცოცხლე მათთვის არაფერია - მოქალაქეები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ.

გახსოვთ, როგორ უწერდნენ 5000 ლარიან ჯარიმებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ ვისაც უბრალოდ საკუთარი ქვეყნის სიყვარული გამოჰქონდა ქუჩაში - მხოლოდ ამ ხალხზე მუშაობს კანონი, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლეს ეხება – მერიამ ხელები დაიბანა და ისევ თბილისის მცხოვრებლების ზურგს ამოეფარა.

ყველამ ვნახეთ 23 ივნისს კალაძის პომპეზური ღონისძიება, სადაც  ამაყად აღნიშნავდა, რომ თითქოს ათასობით ავარიული შენობის პრობლემა მოაგვარა.

მაშინ, როდესაც თბილისში 10000-მდე ავარიული შენობაა, ჩვენი მოქალაქეები  ამ წუთებშიც შველას ითხოვენ: ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარედ, ინგოროყვას ქუჩაზე, ჩაიკოვსკისა და ასათიანის ქუჩაზე, ჩუღურეთისა და კრწანისის რაიონები მთლიანად. ამასთან ერთად უმოქმედობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება ხდება ქალაქში. 

ცალსახაა, რომ თბილისის მაღალჩინოსნებს საკუთარი ქალაქი არ უყვართ. არ უფრთხილდებიან ჩვენს მრავალწლიან ისტორიას. ელოდებიან, როდის დაინგრევა რომელიმე სახლი, რომ მერე კორუფციული გარიგებით მიითვისონ მიწა და კორპუსი ან სასტუმრო ააშენონ.

ამ ფონზე, ზოგი ოპოზიციონერი არჩევნებზე ლაპარაკობს, ვითომ რაღაც სახალისო შეჯიბრია. დღეს თვითმმართველობის არჩევნებით წყდება, იცხოვრებს თუ არა ადამიანი უსაფრთხოდ. აი ამიტომ ვართ ჩვენ ამ ბრძოლაში.

დღეიდან გელოდებით თბილისის საკრებულოში, შევაგროვოთ ინფორმაცია ავარიულ შენობებზე და ვაიძულოთ მერია აკეთოს ის საქმე, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა.

ოცნების ხელისუფლების პირობებში დაცული არავინაა - მათ შორის არც ოცნების დღევანდელი მხარდამჭერები. ოცნებას აღარაფრის რესურსი არ აქვს, გარდა საკუთარ თავზე ფიქრისა.

მოგიწოდებთ ოცნების მხარდამჭერებს - მეგობრებო, მჯერა, რომ ასეთი დაუცველი მომავალი თქვენი შვილებისთვის არ გინდათ! თქვენ გაქვთ არჩევანი და თქვენი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

პოლიტიკური გაერთიანება “გახარია საქართველოსთვის” თბილისის ორგანიზაცია იწყებს სოციალური მედიის კამპანიას #ავარიულითბილისი 

ყველას, ვისაც აწუხებს ავარიული შენობის პრობლემა,  გადაიღეთ სურათი და ატვირთეთ სოციალურ ქსელში სათაურით #ავარიულითბილისი 

ჩვენი გუნდი მყისიერად ეცდება პრობლემის მოგვარებაში თქვენს დახმარებას", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

Advertisement