თენგიზ შარმანაშვილი - ეს ხალხი არის უცხო ქვეყნის აგენტურა და აღმსრულებელი იმისა, როგორ ჩაშალონ ტურისტული სეზონი საქართველოში

ავტორი
Front News საქართველო
მივესალმები სუსის მიერ ამ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოვთქვამ, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
"პლაჟზე დადიან და ყვირიან, თუ ვინმე აქ რუსები ხართ, სასურველი სტუმრები არა ხართ და ასე შემდეგ. მე არასდროს არ მწამდა შეკვეთით პატრიოტებისა. 2008 წელს დადიოდა იგივე პიროვნება და ყვიროდა ამას, როდესაც მაშინ სახელმწიფო მეთაური ღვინოებით ხვდებოდა ქართულ საზღვარზე რუს ტურისტებს და იწვევდა აქ? - დადიოდა და ეუბნებოდა, პრეზიდენტო, ნუ აკეთებ ამას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოხდა? - როგორ, პატრიოტიზმი მაშინ გაეღვიძათ, როცა სხვა ქვეყნის ოკუპაცია მოხდა და სხვა ქვეყნის მიწების ოკუპაცია მოხდა? - და საქართველოს ოკუპაცია არაფერს არ ნიშნავდა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია? და, მაშინ უნდა დახვედროდნენ ღვინოებით და იმ მოსაწვევებით იმათ, რუს ტურისტებს? - ამიტომ არ დაიჯეროთ, რომ ვინმე არის აქ პატრიოტი. შეკვეთით პატრიოტები არ არსებობენ. პატრიოტი ან ხარ, ან არა ხარ. ეს ხალხი არიან უცხო ქვეყნის აგენტურა და აღმსრულებლები იმისა, როგორ დაანგრიონ ქართული ეკონომიკა, როგორ ჩაშალონ ტურისტული სეზონი საქართველოში და ასე შემდეგ.
ყალბი ექაუნთები შექმნეს და იქ წერენ, თითქოს აბინძურებენ საჭმელს, თუ რუსი ტურისტი რესტორანში შევიდა. მერე, როდესაც ამოწმებენ ამას, აღმოჩნდება, რომ ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი ადამიანები ბუნებაში არ არსებობენ. შესაბამისად, ვერც ვერაფერს დააბინძურებდნენ.
მათი ზოგადი მიზანი რა არის, ხედავენ, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი არის ძალიან დადებითი, რომ ჩვენი ეროვნული ეკონომიკა წლების განმავლობაში გაიზრდება, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, პროგნოზისა 2030 წლამდეც, იმის იქითაც და, რა თქმა უნდა, ამ უცხო ქვეყნის აგენტურას და, პირველ რიგში, მათ პატრონებს აწუხებთ, რომ ეს არ მოხდეს საქართველოში. ვის უნდა დამოუკიდებელი ეკონომიკის მქონე საქართველო? ესე ხომ უფრო, კიდევ უფრო ძნელი სამართავი იქნება, არა? ასე ხომ უფრო ნაკლებად მოახვევენ თავის ნებას თავს. და, ამიტომ, ვისაც საქართველოს მომავალი არ აინტერესებს, ვისაც უბრალოდ თავისი პატრონების ინტერესები აინტერესებს მხოლოდ, რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებულები არიან, რომ, როგორც პოლიტიკურად იყოს დამოკიდებული საქართველო, ასევე, ეკონომიკურადაც იყოს აბსოლუტურად დეგრადირებული, იმიტომ რომ ესე ადვილი სამართავი იქნება.
მე მივესალმები სუსის მიერ ამ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოვთქვამ, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს", - განაცხადა შარმანაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. სუსის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




