Logo

თენგო თევზაძე - ჩვენ გვინდა საზოგადოებას ავუხსნათ, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას შევძლებთ

პოლიტიკა
105
Frontnews image description

ახლა ჩვენი მოქმედების დროა, კიდევ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ, ამაზე დაანონსებულია აქციაც და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ ხვალ, ეს იქნება დღე, როცა ჩვენ ერთმანეთის ძალებს კიდევ ერთხელ დავინახავთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან პარტიები გააქროს, მაგრამ ეს არ გამოუვა.

"ერთობა აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხოთ პროცესის განახლება, ახალი ძალების შემატება. მეორე მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესის თავიდან დაწყება, ახალი ძალების მობილიზება, მათ შორის ეს უნდა ავუხსნათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კრიზისით ძალიან შეწუხებულები არიან. ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკური პარტიების იდენტობის შენარჩუნებით, მაგრამ ერთიანი სტრატეგიით. ჩვენ ხომ ვაპირებთ, ევროპული, კოალიციური, დასავლური ყაიდის ხელისუფლების ჩამოყალიბებას, მე ამის რწმენით ვარ პოლიტიკაში.

ჩვენ  გვინდა, რომ "ქართულ ოცნებას" დავანიშნინოთ სამართლიანი და ობიექტური არჩევნები, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, შეწყდება რეპრესიული მოქმედებები "ქართული ოცნების" მხრიდან და სისხლის სამართლის დევნა, მათ შორის პოლიტიკოსებზე და მიმდინარე საქმეებზე, ასევე, გაუქმდება მიმდინარე რეპრესიული კანონები და აღდგება ამ ქვეყანაში არჩევნები - არჩევნებს დაერქმევა არჩევნები.

ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან პარტიები გააქროს, მაგრამ ეს არ გამოუვა, ვერ გააქრობს. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ავუხსნათ, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენი ქვეყანა იმყოფება მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და ახლა მნიშვნელოვანი და საჭიროა სწორი პოზიციონირება და სწორი ნაბიჯები. ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური ალტერნატივა.

მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები "ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება, ქართველი ხალხი არ აღიარებს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებად. 

ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს. 

ახლა ჩვენი მოქმედების დროა, კიდევ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ, ამაზე დაანონსებულია აქციაც და ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ ხვალ, ეს იქნება დღე, როცა ჩვენ ერთმანეთის ძალებს კიდევ ერთხელ დავინახავთ", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

26 მაისს ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს. მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან 19:00 საათზე დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები