თერჯოლაში, სკრინინგის კამპანიის ფარგლებში, მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა

ავტორი
Frontnews საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თერჯოლაში, სკრინინგის კამპანიის ფარგლებში, მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის მიმდინარეობას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი შალვა გოგოლაშვილი, თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის უფროსი თამარ არჯევანიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ადგილზე გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი. კვლევები ადგილზე, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა თანამედროვე მეთოდებით ჩაატარა.
გამოკვლევების შედეგად რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩაიტარონ დამატებითი დიაგნოსტიკა და მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების მართვა სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ასევე, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ.
თაგები:
თერჯოლა




