თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ღვანკითის განახლებულ სკოლაში იმყოფებოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სოფელ ღვანკითის განახლებულ სკოლაში იმყოფებოდა.
მანუჩარ რობაქიძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტს 229 პირველკლასელი ჰყავს.
"მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ვულოცავ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას, დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. აღსანიშნავია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში წელს 229 პირველკლასელი გვყავს. თითოეული მათგანი ჩვენი მომავლის საყრდენი, ძალა და იმედია. თითოეულ პატარა მოსწავლეს ვუსურვებ, რომ ეს გზა მათთვის სავსე იყოს ახალი აღმოჩენებით, ბედნიერი მოგონებებით და წარმატებებით“,- განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
სოფელ ღვანკითის სკოლის შენობაში სრულად განახლდა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკა, კვების ბლოკი, სპორტული სივრცეები და ეზო. შენობა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი სისტემებით. სკოლა 140 ღვანკითელი მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ღვანკითის საჯარო სკოლაში მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად იმყოფებოდა. დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თერჯოლის მეორე და სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლების საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




