თორნიკე ბარათაშვილი - გელათის დროებით გადახურვაზე გამათბობელი სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
გელათის დროებით გადახურვაზე მიმდინარეობს გამათბობელი სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი, რომელიც დასრულებულად 2025 წლის ივნისში გამოაცხადეს და უნიკალურად შეაფასეს, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მიმდინარეობს პრობლემებზე რეაგირება და არა პრევენცია.
"გელათის დროებით გადახურვაზე მიმდინარეობს გამათბობელი სისტემების მონტაჟი, რომელიც არის მაღალი სიმძლავრის სისტემები და განკუთვნილია იმისათვის, რომ ჰაერის თბილი ნაკადი შეიტანოს კედელსა და კონსტრუქციას შორის არსებულ სივრცეში.
ჩვენ ზაფხულშიც ვსაუბრობდით იმ თერმულ ჯიბეებზე, რომელიც იქმნებოდა მთლიანად დახურულ, ვენტილაციის არმქონე სისტემებში, რაც, რა თქმა უნდა, გრძელ ვადაში იწვევს მიკრობზარებს ქვებზე და ასევე სტრესს ინტერიერში ფრესკებზე. დადასტურდა, რომ პროექტი, რომელიც მათ დასრულებულად 2025 წლის ივნისში გამოაცხადეს და უნიკალურად შეაფასეს, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, მიმდინარეობს პრობლემებზე რეაგირება და არა პრევენცია, არა წინასწარი გათვლა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პროცესი არაჯანსაღია და არ ეფუძნება მეცნიერულ კვლევას", - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
2018-2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა. მონასტერს ამ დრომდე კვლავ ტენტი აქვს გადაფარებული.
თაგები:
გელათი




