Logo

თორნიკე ბარათაშვილი - მუდმივი კითხვა გაჰყვება ამ პროცესს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გამოიყენეს უკეთესი მასალა

საზოგადოება
165
Frontnews image description

საპატრიარქო უნდა ხედავდეს იმ უბედურებას, რაც ეკლესიაში ტრიალებს და იმას, რომ თავზე აქვს დამხობილი ყველაფერი. გელათის რესტავრაცია-კონსერვაცია, მხატვრობის გადარჩენა საპატრიარქოს და მღვდლების კომპეტენცია ვერ იქნება. ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა გელათის მონასტერთან დაკავშირებით განაცხადა.  

მისივე თქმით, ის მასალა, რითაც დღეს გელათის მონასტერია გადახურული, ჰაერგამტარი არაა და არღვევს ძეგლისთვის საჭირო ცირკულაციას.

"ეს მასალა - ტენტი არ ხასიათდება ჰაერის გამტარუნარიანობით, ეს ჰერმეტული მასალაა, რაც უდიდეს წინაღობას ქმნის ცირკულაციისთვის, არღვევს თერმულ ბალანსს და შესაბამისად, მუდმივი კითხვა გაჰყვება ამ პროცესს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გამოიყენეს უკეთესი მასალა, ამ ხნის მანძილზე ის თერმული სტრესი, რაც მიადგება ტაძარს, რატომ ვერ გაითვალისწინეს. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ უნიკალურია ეს კონსტრუქცია იქიდან გამომდინარე, რომ შემხებლობაში არ იქნება კედლებთანო, რაც სიცრუე აღმოჩნდა. ასზე მეტ წერტილში ეხება 9 საუკუნის კედლებს ის კონსტრუქცია, რომლის უნიკალურობაზეც საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან შორს იდგნენ ამ პროცესისგან და კიდევ უფრო ადრე, როდესაც ზიანდებოდა, ამას უარყოფდნენ. რა გამარჯვებასა და გადარჩენაზე საუბრობენ დღეს, თუკი 2020 წელს მთლიანად უარყოფდნენ ამ პრობლემას.

დააზიანეს ძეგლი, სისხლის სამართლით დევნის საფუძველია. 

კრამიტის მოხსნის შემდეგ საიზოლაციო შრეები, რამაც გამოიწვია წყლის ჩასვლა, ეს უნდა მოიხსნას მთლიანად და მერე უნდა ამოიღონ ის შემავსებელი, რაც სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ტიპის მასალით არის შევსებული სახურავის სივრცე. ამის გაწმენდა არის კოლოსალური სამუშაო, ძალიან ფაქიზად საწარმოებელი. ამ პროცესში კი ამას ვერ ვამჩნევ. იმ თეთრი ტენტის იქით რა მოხდება, მთლიანად ამ ხალხზეა დამოკიდებული.

პირველი წლები ესენი მთელ დროს ხარჯავდნენ იმაზე, რომ მთლიანად იგნორირებული ყოფილიყო ის, რაც მათ დამართეს გელათს.

საპატრიარქო უნდა ხედავდეს იმ უბედურებას, რაც ეკლესიაში ტრიალებს და იმას, რომ თავზე აქვს დამხობილი ყველაფერი. გელათის რესტავრაცია-კონსერვაცია, მხატვრობის გადარჩენა საპატრიარქოს და მღვდლების კომპეტენცია ვერ იქნება. ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელშიც ჩვენ მილიონობით ლარს ვხარჯავთ.

იდენტობა თუ რამეა ქართული, ეს არის გელათი. გელათი რომ არის იმ პრობლემების შემკვრელი, რაც სისტემაში ტრიალებს, ფაქტია, ასევე, გელათი არის სახე იმისა, თუ რას უკეთებენ ქვეყანას. 

ნიკორწმინდა ირაკლი კობახიძის სოფელია და რამდენი წელი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ნიკორწმინდის სახურავი არასწორადაა გაკეთებული 2019 წლის რეაბილიტაციით, ეს რომ გადასარჩენია რამდენი ხანი უნდა ვისაუბროთ?! გელათი არ ეყოთ იმისთვის, რომ გაერკვიათ - აქ რაღაცები რომ ცუდად მიდის?! არაკვალიფიციურობა, უგულობა, გაუაზრებლობა, რომ არ იცი, რასთან გაქვს შეხება - ამ ყველაფერმა დაბადა ის, რომ ჩვენ მივიღეთ შედეგის სახით გელათი", - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

თაგები:

გელათი
Advertisement