თორნიკე ბარათაშვილი - ვითარება რთული და საყურადღებოა, გელათში პროცესი იმდენად დრამატულია, რომ დამატებით გამუქება აღარ სჭირდება

ავტორი
Front News საქართველო
ბევრი ასეთი განცხადება ადრეც გაკეთებულა კომიტეტის მხრიდან და სამწუხაროდ, შინაარსი არის კონფრონტაციული, თავდასხმითი და ამ პროცესს მაინც და მაინც, არ ახალისებს, - ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა Front News-თან განაცხადა.
მისივე თქმით, კომიტეტის განცხადებები, ძირითადად, არგუმენტებით შემოიფარგლება.
"ბევრი ასეთი განცხადება ადრეც გაკეთებულა კომიტეტის მხრიდან და სამწუხაროდ, შინაარსი არის კონფრონტაციული, თავდასხმითი და ამ პროცესს მაინც და მაინც, არ ახალისებს, როცა კონკრეტული შეკითხვები ისმება სხვადასხვა საკითხში.
ბოლო დღეებია გელათზე სხვადასხვა ტალღები მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები, რომლებიც ნაკლებად ინფორმირებული არიან აღნიშნულ საკითხზე, გულწრფელ ემოციებს გამოხატავენ და არანაირი კრიტიკა მე მათ მიმართ არ მაქვს. არის შეფასებები, რომ გელათი ჩამოგვექცა, აღარ არსებობს, ცელოფნითაა გადახურული და ასე შემდეგ, რაც ასე არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ვითარება რთული და საყურადღებოა. პროცესი იმდენად დრამატულია, რომ ამას დამატებით გამუქება აღარ სჭირდება.
გელათის საკითხს რამდენიმე ეტაპი აქვს, ახლა იმ ეტაპზეა საქმე, როცა კომიტეტს მაღალი თავდაჯერებულობა აქვს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებენ, მაგრამ პროცესში ბევრი წვრილმანია გამოყოფილი, სადაც მათი ნებელობა, რომ გასცენ პასუხი ამ გამოკვეთილ პრობლემატიკას, არ არსებობს, მათთვის უფრო მარტივია, რომ ვინც თქვა, რომ გელათი იქცევა, უთხრან, რომ გელათი არ იქცევა, ან ვინც ამბობს, რომ ცელოფნითაა გადახურული, თქვან - რომ ასე არ არის. მათი ქმედება საარგუმენტოა, ზედაპირულად აფასებენ საკითხს და უფრო იოლად გამოდიან, სინამდვილეში, ეს ზედაპირული შეფასებები, ჩემი აზრით, პრობლემაა, რადგან გელათის საქმეში ბევრად უფრო სერიოზული და მეტი პრობლემა დგას", - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებით, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. გავრცელებული ბრალდებები დროებითი გადახურვისა და ფრესკების მდგომარეობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.
თაგები:
თორნიკე ბარათაშვილი




