ტრამპი - მზად ვართ, სამი ავიამზიდი გვყავს, 38 ხიდი გვაქვს სამიზნეში, რომელთა დანგრევაც ერთ საათში შეგვიძლია, ამის გაკეთება არ მინდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები ირანზე დარტყმებს განაახლებენ, თუ ბირთვულ შეთანხმებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება.
ტრამპის თქმით, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა თეირანი „ძალიან სერიოზულ შეთანხმებას“.
"ეს დამოკიდებულია, ხელს მოაწერენ თუ არა შეთანხმებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდება. ისინი დამარცხებული არიან. წელს ინფლაცია 301%-ია. მე ამას გავაკეთებდი, თუ საჭირო იქნებოდა. მე მათ ძალიან სერიოზული დარტყმა მივაყენე. წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რამდენად ძლიერად დავარტყით“, – განაცხადა ტრამპმა CNN-თან.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ამერიკული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მისი ბრძანებით შეიძლება ოპერაცია დაიწყონ.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე განსაზღვრა ირანის ტერიტორიაზე პოტენციური სამიზნეები. კერძოდ, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
"მზად ვართ. სამი ავიამზიდი გვყავს. ბოლო ახლახან ჩავიდა, სამივე სრულად შეიარაღებულია. 38 ხიდი გვაქვს სამიზნეში, რომელთა დანგრევაც ერთ საათში შეგვიძლია. ყველა ჩამოინგრევა. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მათ აღსადგენად 10 წელი დასჭირდებათ. ხიდების დანგრევა არ მომწონს. ხიდის აშენება ყველაზე რთულია“, – განაცხადა ტრამპმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი




