"უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები"

ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმის შესახებ.
რეკომენდაციები მოიცავს რამდენიმე კანონის გაუქმებას, ასევე ცვლილებებს გარკვეულ საკანონმდებლო რეგულაციებში.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, უნდა გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (TFI), „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი (FARA) და „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოური გრანტებთან დაკავშირებული დებულებები.
„საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან მათი შეუთავსებლობის მასშტაბის გათვალისწინებით, მომხსენებელი არ მიიჩნევს, რომ მათი ამ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა შესაძლებელია მიზნობრივი ცვლილებების გზით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გადაწყვეტს ამ კანონების გაუქმებას, ისინი, სულ მცირე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ეს გულისხმობს აღნიშნული კანონმდებლობის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტების ბენეფიციარებისა და თანამშრომლების შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; აღნიშნული კანონების დარღვევისთვის ჯარიმების შემცირებას; „უცხოელი პრინციპალების აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვებს იმის გათვალისწინებით, ნამდვილად მოქმედებს თუ არა სუბიექტი უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონების ფორმულირება გაცილებით ზუსტი უნდა იყოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ანალოგიურად უნდა გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვებს (მუხლი 54) ეხება.
ანგარიშის ავტორები ასევე მოითხოვენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას.
„ეს ეხება, კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ, ერთსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის ინცესტთან გათანაბრებას, ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას, მათ შორის შეკრებების გზით, გენდერული მზრუნველობის აკრძალვას და სქესის მარკერების შეცვლას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორები ასევე მოითხოვენ კიდევ რამდენიმე რეგულაციის გაუქმებას ან კორექტირებას.
„სახელმწიფო ღალატის დანაშაულის წინაპირობები უნდა შევიწროვდეს და უფრო კონკრეტული გახდეს, რათა გამოირიცხოს ინტერპრეტაცია, რომელიც საშუალებას იძლევა მთავრობის უბრალო კრიტიკის სისხლისსამართლებრივი დევნისა TFI-ის ან FARA-ს ფარგლებში მოქცეული სუბიექტების მიერ.
უნდა გაუქმდეს რეგულაციები, რომლებიც დემონსტრაციების დროს სახის დაფარვის აბსოლუტურ აკრძალვას ითვალისწინებდა. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების უფლებას (მაგალითად, ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის მოსაზრებებს შორის.
უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში, აკადემიური დაწესებულებების ავტონომია უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს კიდევ რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: თავისუფალი არჩევნების შესახებ, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის შესახებ, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების შესახებ, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ, ანგარიშვალდებულების შესახებ, საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. ამასთან, დოკუმენტში ცალკეა მოცემული რეკომენდაციები ეუთოს წევრი სახელმწიფოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისადმი.
თაგები:
ეუთო




