
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ბათუმში 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მათ შორის ერთი საქართველოს და ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, ერთ კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, ნახევარ კილოგრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 8 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დგინდება, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბათუმში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა.
პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს