ვახტანგ ძაბირაძე - რეპრესიები უფრო ძლიერ და ფართო ხასიათს მიიღებს, თუმცა ოპოზიცია აქაც აგვიანებს

ავტორი
Front News საქართველო
Front News-თან ინტერვიუში ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში მიმდინარე ხმაურიან დაკავებებსა და პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ძაბირაძის მოსაზრებით, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ბაჩო ახალაიას დაპატიმრება „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება: რეიტინგის გადარჩენას კორუფციასთან ბრძოლის იმიჯით, ოპოზიციის დისკრედიტაციას და შიდაპოლიტიკური საფრთხეების განეიტრალებას. ექსპერტი არ გამორიცხავს რეპრესიების გაფართოებას მედიასა და სხვა მაღალჩინოსნებზე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების სამომავლო ტაქტიკა დიდწილად იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებსა და ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე.
- ბატონო ვახტანგ, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური დაკავებები იხილა. დაპატიმრებულია სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. როგორ ფიქრობთ, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება თუ კორუფციასთან ბრძოლა? ან იქნებ საზოგადოების ყურადღების გადატანაა, რათა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაფარვა მოხდეს?
- ხელისუფლება ახლა ნამდვილად ძალიან რთულ სიტუაციაშია და მათი რეიტინგი ნამდვილად დაბლა იწევს. ამას ემატება დასავლეთიდან წამოსული წნეხი, ამიტომ „ოცნება“ ყველა ხერხს ხმარობს იმისთვის, რომ ეს სიტუაცია გაანეიტრალოს. კორუფციასთან ბრძოლას, როგორიც არ უნდა იყოს დაგვიანებული თუ სხვა რამით შეფუთული საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც დადებითად ხვდება. დღეს თუ არ სჯერათ და გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ, ხვალ უკვე ნელ-ნელა დაიჯერებენ. მთელი ჩემი ცხოვრებაა ამას ვუყურებ და ეს რეალობაა. კორუფციის თემა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე მხრივ, ისინი ასე მიიჩნევენ: იმ პროტესტის შეჩერება, რაც კვლავ რუსთაველის მოედანზე მიდის, ვერ მოახერხეს. ყველა ხერხი და ღონე გამოიყენეს, კანონმდებლობა შეცვალეს, მაგრამ პროტესტი მაინც გრძელდება. აქ რაოდენობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროტესტი მაინც გრძელდება. ამიტომ ეს დაკავებები არის ასევე სიტუაციის გადაფარვისა და ყურადღების გადატანის მცდელობაც. მეორე მხრივ, ესაა კლანური გაძლიერება და იმ ძალების საბოლოოდ ჩამოშორება, რომელთაც შესაძლოა, მაინც ჰქონდათ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნების ამბიცია.
- თქვენ სუსის ყოფილი უფროსის დაკავებასა და საუბარს იმაზე, რომ ის "ქოლცენტრების“ მეშვეობით ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს აფინანსებდა, აღიქვამთ თუ არა ხელისუფლების მცდელობად, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი დაიჭიროს? აშავებს ოპოზიციასაც და ყოფილ თანაგუნდელებსაც, რომელთაგანაც ფიქრობს, რომ შესაძლოა საფრთხე არსებობდა?
- დიახ, ლილუაშვილის დაკავებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უკავშირდება. ერთი ისაა, რომ მას კორუფციას უკავშირებენ და ამით, როგორც ვთქვი, საზოგადოებაში რეიტინგის აწევას ცდილობენ. აი, საკუთარ თანაგუნდელსაც კი იმეტებენ კორუფციასთან ბრძოლაში და არავის დამნდობლები არ არიან. მეორე მხრივ კი, კონკურენტებს ისე ჩამოიშორებენ, რომ მათი უკან დაბრუნება ნულის ტოლი გახდეს.
ღალატის თემა იმიტომ შემოიტანეს ლილუაშვილის საქმეში, რომ ასევე ოპოზიციაზე გავიდნენ. ხალხს აჩვენონ, რომ ეს კაცი არა მხოლოდ კორუფციაშია გასვრილი, არამედ იმდენად უტიფარია, რომ ქვეყანას და გუნდს ღალატობდა და არ მოერიდა იმასაც კი, რომ "მტერს" შეკვროდა (როგორც ამას ხელისუფლება ოპოზიციას უწოდებს). დიდი ხანია, ეს თემა მუშავდება. ვიღაცები აწვდიდნენ ინფორმაციასო - ხომ ვიცით, ხაბეიშვილზე რასაც ამბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მინიშნებებს აკეთებდნენ. ახლა კი ცდილობენ ამის გამყარებას იმით, რომ თითქოს ამ ქოლცენტრებიდან შემოსული ფულით ოპოზიციურ მედიებს აფინანსებდნენ. ამიტომაც დაემთხვა დროში სუსის ყოფილი უფროსისა და ახალაიას დაკავება.
ეს სპეციალურად დაამთხვიეს იმისთვის, რომ საზოგადოებას მათ შორის კავშირის ეჭვი გაუჩნდეს. ეს არის კარგად გააზრებული ქმედება, რომელიც საზოგადოებაზე მოქმედებს. აქ ახალაია კი არაა პრობლემა, აქ პრობლემა ოპოზიციაა, რომლის ბოლომდე მოხრჩობასაც ხელისუფლება ცდილობს. ყველაფრის მიბმას 4 ოქტომბერზე ცდილობენ. მე კი ეჭვი მაქვს, რომ ეს „4 ოქტომბერი“ უკვე სუსში იგეგმებოდა და ოპოზიციის ლიდერები ერთ დიდ მახეში გააბეს. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი მეც და სხვებიც, რომ ეს შესაძლოა, დიდი მახე ყოფილიყო, მაინც ამ მახეში თავი გაყვეს. საუბარი და კითხვები იმაზეც, თუ რა უნდოდა სუსს საბავშვო ბაღებთან და მერიასთან - ყველას ავიწყდება, რომ ლილუაშვილი თავის დროზე მერიაში მუშაობდა და იქიდან მოხდა მისი დაწინაურება.
სისტემურ კორუფციას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ერთი თემის გაშიფვრა თუ დაიწყეს, ეს ობობას ქსელივით მთელ სისტემას არის მოდებული. ერთი თემა თუ გინდა ბოლომდე მიიყვანო, ამან შესაძლოა, ხელისუფლების მთელი ვერტიკალიც კი ჩაითრიოს. კალაძის მიმართ საზოგადოების იდეოლოგიური დამუშავება უკვე დაწყებულია. ისრების გადატანა მასზე, კითხვების დასმა უკვე დაიწყო. ამიტომ ის უკვე „რეზერვშია“ და გააჩნია ხელისუფლებას, მისი გაწირვა რაში და რატომ დასჭირდება. თუკი ჩათვლიან, რომ მანაც უნდა აგოს პასუხი, უკვე ყველაფერი მზადაა. ერთი ჩვენება უნდათ ამ გვანცელაძის (საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორი, რომელიც, როგორც ამბობენ, გაქცეულია) ან ვინმე სხვისი და ეგაა - კალაძე გამზადებული ჰყავთ. აქ საუბარი იმაზე არაა, რომ ვიღაც მართლა კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის ხელისუფლებისთვის მშვენიერი პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი, რომლის გათამაშებითაც საზოგადოებაში ავტორიტეტის გაზრდასაც ახერხებს და კონკურენტების ბოლომდე თავიდან მოშორებასაც.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუ ადრე ხელისუფლება მეტწილად თავდაცვის რეჟიმში იყო და მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებდა, ახლა სურათი შეიცვალა და ძირითადად თავდასხმაზე გადავიდა. ელით კიდევ ხმაურიან დაკავებებს და რა იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯები?
- ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, დაკავებების სერიას უნდა ველოდოთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „ტვ პირველს“ და "ფორმულას“ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე ამ ტელევიზიებიდან და პროპაგანდისტებიდან დააკავონ. აქ მარტო შიდა ფაქტორებზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული, აქ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი; რა სახის ბერკეტები ექნება ხელისუფლებას ხელში და როგორ მოხდება ახალი გეოპოლიტიკური დაყოფა.
- ზუსტად ეს თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ, როდესაც განაცხადა, რომ ბევრი რამ საქართველოზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული - საგარეო თუ საშინაო სიტუაცია. თქვენ რას გულისხმობთ და რა იგულისხმა პრემიერმა, როგორ ფიქრობთ?
- დიახ, პრემიერმა სწორად აღნიშნა, რადგან გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, თუ როგორ დასრულდება ეს ომი და ვინ გამოვა გამარჯვებული. თუკი რუსეთი წააგებს (რისი ალბათობაც ნაკლებია) და მოლაპარაკების საკითხი დადგება, მაშინ „ოცნების“ ხელისუფლება დასრულდება. თუმცა, თუკი რუსეთი მოახერხებს და თავის პირობებზე დაითანხმებს როგორც ამერიკას, ისე უკრაინასა და ევროპას, მაშინ „ოცნება“ აქ პოზიციების გამყარებას კიდევ უფრო შეძლებს. დასავლეთის გავლენების გადანაწილება და შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენს ხელისუფლებას მეტი კარტ-ბლანში მიეცემა, რათა ქვეყნის შიგნით, მოხსნილი წნეხის ფონზე, პოზიციები გაიძლიეროს. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, ქართული საზოგადოება ამას როგორ მიიღებს. რეპრესიები უფრო ძლიერ და ფართო ხასიათს მიიღებს, თუმცა ოპოზიცია აქაც აგვიანებს.
- თქვენ სოციალური თემა ახსენეთ და აქაც ხელისუფლებამ უკვე წინ გადადგა ნაბიჯი - ვნახეთ პრემიერის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა ფასების ზრდასთან დაკავშირებით. უკვე გაჟღერდა კონკრეტული ბიზნესმენების ვინაობაც, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყვნენ პრივილეგირებულები. ხელისუფლებამ ფასების სასწრაფოდ დაწევას და მათ ევროპულ ფასებთან გათანაბრებაზე ისაუბრა. აქაც ცდილობს ოპოზიცია პოლიტიკურად მუხლებზე დააყენოს და წაართვას პრივილეგია, რომ სოციალურ თემებზე ისაუბრონ?
- დიახ, რა თქმა უნდა. ხელისუფლების ამ განცხადებას პროდუქტების ფასების დაწევაზე, შედეგი რომც არ მოჰყვეს, საზოგადოებაში მაინც დიდი რეზონანსი ექნება. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ ბიზნესი ვერ იქნება დამნაშავე და ა.შ. - ოპოზიციას არასწორ ტაქტიკაზე მიუთითებს. 20-მილიონიანი მოგება რომ გექნება წელიწადში ამ გაღარიბებულ ქვეყანაში, ხალხი ხელისუფლების მხარეს დაიკავებს, აბა რას იზამს? ჩვენი საზოგადოება დეტალებში ვერ ერკვევა და მას ვიზალიბერალიზაციაზე მეტად საკუთარი ჯიბე და ეკონომიკური მდგომარეობა ანაღვლებს. ამიტომ ოპოზიცია ისევ ცდება და არ მიდის სწორი გზით, როცა ხელისუფლება ამ სოციალური თემით ისევ მათ ურტყამს. ოპოზიცია კი მარტო იმაზე ლაპარაკობს, ვრჩებით თუ არა რუსეთთან. ეს არის ძირეული საკითხი, მაგრამ საზოგადოებაში სოციალური თემები გაცილებით დომინანტურია, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება.
- ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და მის ჩართულობაზე მინდა გკითხოთ. მას შემდეგ, რაც ლილუაშვილი დააკავეს, ბევრს გაუჩნდა მოსაზრება - ხომ არ მიდის პრემიერი კობახიძე საბოლოოდ ივანიშვილისთვის ძალაუფლების ჩამორთმევისკენ? ბევრ კონსპირაციულ ვერსიაზე დაიწყო საუბარი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მონაწილეობს თუ არა ივანიშვილი ამ პროცესებში?
- ვფიქრობ, რომ ივანიშვილის შანტაჟი და მსგავსი რამ აბსურდია, მას ამის პრობლემა არ გააჩნია. თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ის შანტაჟის მსხვერპლი კი არა, უბრალოდ კონკრეტული გარემოცვის მიერ იზოლაციაში იმყოფება. ნელ-ნელა ძალაუფლების ჩამოშორების ალბათობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ვახტანგ ძაბირაძე




