ვახტანგ კაპანაძე - ფაქტობრივად, ევროპული ინდუსტრია ნაწილობრივ გადადის უკრაინაში

ავტორი
Front News საქართველო
დღეს უკრაინა უკვე დასავლეთს სთხოვს სისტემების ისეთ დეტალებს, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ მან თვითონ აწარმოოს ტექნოლოგიები. ომი კარგი და ცუდი გაგებით არის ლაბორატორია, სადაც სამხედრო ინდუსტრია ცდის თავის წარმოებას, სისტემებს, - ამის შესახებ გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე იმ განვითარების ეტაპს მიაღწია, სადაც ტექნოლოგიებს თავადვე აწარმოებს.
"უკრაინა უკვე სხვა ფორმაშია, სხვა დადებითი ამბიციები გააჩნია. დღეს უკრაინა უკვე აღარ სთხოვს შეიარაღებას დასავლეთს, არამედ სთხოვს სისტემების ისეთ დეტალებს, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ მან თვითონ აწარმოოს ტექნოლოგიები. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტის დროს მაგაზე დადეს ხელშეკრულება, რომ ბრიტანეთი გადასცემს Storm Shadow-ის ტექნოლოგიას, საფრანგეთი მზად არის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იწარმოოს ფრთოსანი რაკეტები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგიასთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც, შვიდი კომპანია იყო ჩასული უკრაინაში და ხელშეკრულებები დაიდო, რომ უკრაინამ ნორვეგიასთან ერთად აწარმოოს ჰაერსა და ხმელეთში უპილოტო აპარატები. ფინეთთან დაიდო ხელშეკრულება, რომ ფინეთის ტერიტორიაზე განხორციელდება წარმოება ფინეთის ტერიტორიაზე უპილოტო აპარატების და ასე შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული ინდუსტრია ნაწილობრივ გადადის უკრაინაში.
წარმოებიდან ბრძოლის ველამდე ციკლი მნიშვნელოვნად არის შემოკლებული, აქ აღარ არის დამატებითი პროცედურები საჭირო, პირდაპირ ბრძოლის ველზე მიდის და იქიდან უკვე ინფორმაციით ბრუნდება, რა აქვს დადებითი და რა უარყოფითი ამ ტექნოლოგიას. ცოცხალ რეჟიმში ხდება ყველაფერი და ეს ხდება ძალიან აქტიურად და ძალიან სწრაფად.
ამასთანავე, ის, რაც ძალიან კარგი გვეგონა, უკრაინის ფრონტზე გამოჩნდა, რომ ისეთი კარგი არ არის, მაგალითად, "ჯაველინები", ასევე, თურქულმა უპილოტოებმა ისეთი შედეგები ვერ დადო, რაც პირველ წლებში იყო. ეს არის ლაბორატორია, ომი კარგი და ცუდი გაგებით არის ლაბორატორია, სადაც სამხედრო ინდუსტრია ცდის თავის წარმოებას, სისტემებს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
თაგები:
ვახტანგ კაპანაძე




