Logo

ვახტანგ ხმალაძე - დადგენილი ნორმის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს დარღვევის პროპორციული, ეს ცვლილებები კი ამ პრინციპებს არღვევს

პოლიტიკა
1 დღის წინ / 18:10
233
Frontnews image description

თანაზომირების პრინციპი მოიცავს იმას, რომ დადგენილი ნორმის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს დარღვევის პროპორციული. ეს ცვლილებები კი ამ პრინციპებს არღვევს, - ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ გამოხატვის თავისუფლების კუთხით მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონით შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ლეგიტიმურ მიზანს.

"არის კონსტიტუციური ნორმები, რომელიც კრძალავს ცენზურას, რომელიც ადგენს ინფორმაციათა თავისუფლებას და რომელიც ადგენს გამოხატვის თავისუფლებას. კონსტიტუცია იმასაც ამბობს, რა შემთხვევაში შეიძლება ამ უფლებათა შეზღუდვა და როგორი შეიძლება იყო მისი ფარგლები. სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს კანონში შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც მიიღო "ქართული ოცნების" არალეგიტიმურმა პარლამენტმა. საქმე ეხება არა მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ კანონს, არამედ ეს არის კიდევ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, ანტიკორუფციული სააგენტოსთვის მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილებები და სხვა. ესენი უნდა შეფასდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობის კუთხით.

კანონით შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ლეგიტიმურ მიზანს. მიზანი, რომლის მისაღწევადაც არის დადგენილი ეს შეზღუდვა, უნდა იყოს კანონიერი, კონსტიტუციური. 

თანაზომირების პრინციპი მოიცავს იმას, რომ დადგენილი ნორმის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს დარღვევის პროპორციული. არ შეიძლება სანქცია იყოს ზედმეტად მკაცრი. ეს კიდევ ცალკე თეორიაა, თუ როგორ უნდა გაიზომოს თანაზომიერება. ეს ცვლილებები კი ამ პრინციპებს არღვევს", -  განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებებით კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება ფართოვდება.  კანონის დარღვევასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები გამოიყენოს - გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში - ლიცენზიის შეჩერება.

Advertisement