ვასო ურუშაძე - ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციით

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. კონკრეტულად წარვადგენთ ოთხპუნქტიან გეგმას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციით და შრომით.
"მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს ასეთი დიდი წილის ეკონომიკაში? რატომ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ფულს წააგებს საქართველოს მოქალაქე?!
ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. კონკრეტულად წარვადგენთ ოთხპუნქტიან გეგმას: საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი. მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, რის შემდეგაც სათამაშო ბიზნესი ორიენტირებული გახდება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც ასევე გულისხმობს მონაკოს წარმატებულ მოდელს. შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა. გაძლიერდეს არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა და შემუშავდეს კანონის აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, როდის გახდება ბავშვი თამაშზე დამოკიდებული, დაკარგავს ფულს, მიატოვებს სწავლას ან დაანგრევს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რისკი მანამდე შეამციროს.
ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციით და შრომით და არა ეკონომიკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოქალაქეების მიერ კაზინოში დახარჯული ფულია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე




