ვაჟა სირაძე - დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 45 პირი, 15-ს ბრალი წარედგინება, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.
მისივე თქმით, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ .
"სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად "პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება!", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
თაგები:
ვაჟა სირაძე




