Logo

ვაჟა სირაძე - დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, რომლებიც სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ

სამართალი
242
Frontnews image description

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.

მისივე თქმით, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.

"სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ.

არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.

ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები.

გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და  186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ყველა, ვინც ჩაიდენს მსგავსი სახის დანაშაულს, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად იქნება დასჯილი", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები