Logo

ვაჟა სირაძე - სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის 10 არასრულწლოვანია

სამართალი
263
Frontnews image description

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია.

"სამართალდამცველების მიერ, თვეების განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები,  ხმოვანი  და ცივი იარაღები.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები