"ვგმობთ, მედიაზე ცენზურის დაწესების ამ ფორმებს და მოვითხოვთ საერთაშორისო მხარდაჭერას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად"


ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების - „ტვ პირველისა“ და "ფორმულას“, ასევე „მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) - წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენება აუკრძალოს: „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის პრემიერი“, "არელეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. საგამოძიებო კომისია“, „ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე“ და სხვ.
კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება.
საჩივრებში ტელეკომპანიები დადანაშაულებული არიან „მიკერძოებულ გაშუქებაში“, „დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და „მმართველი პარტიის მიმართ ბალანსის დარღვევაში“. თუმცა, საქმე გვაქვს იმგვარ შემთხვევებთან, როდესაც მაუწყებლების მხრიდან დაცულია კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოთქმულია რედაქციული ხასიათის მოსაზრებები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი.
„ქართული ოცნების“ მცდელობა, მის მიერვე კონტროლირებული მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით მჭიდრო შეზღუდვები დაუწესოს კრიტიკულ სამაუწყებლო საშუალებებს, კერძოდ, ფაქტობრივად აუკრძალოს მათ ხელისუფლებისათვის არასასიამოვნო შეფასებებისა და ეპითეტების სარგებლობა, ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც:
საქართველოს საზოგადოებაშიც და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც არსებობს უამრავი კითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტიუტების ლეგიტიმურობის შესახებ;
საზოგადოებაში, რომლის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს, „ქართულო ოცნების“ ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე;
მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით იქნა დარბეული, პროტესტის ასობით მონაწილე გახდა წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი;
ასობით პროტესტის მონაწილე დაექვემდებარა უსამართლო ფინანსურ და საპატიმრო ადმინისტრაციულ სანქციებს, ხოლო 60-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საქმეებზე;
კანონმდებლობაში შეტანილი იქნა ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური ცვლილებები, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ძირს უთხრის სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წყობილებას; ამ მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია 2024 წლის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აგრეთვე, 2025 წლის აპრილში მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში;
კანონმდებლობის ფუნდამენტური გაუარესების კვალდაკვალ, მიმდინარეობს ფორმალური საფუძვლებით ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა.
ეს საჩივრები არ არის გამონაკლისი შემთხვევები. ისინი ნაწილია უფრო ფართო რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მიზანია:
ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების წახალისება (განსაკუთრებით პროტესტების დროს);
მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ;
ფინანსური წნეხისა და პოლიტიზებული საგადასახადო სისტემის შექმნა;
კანონმდებლობის გაუარესება, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების მქონე მედიების სტიგმატიზებასა და შეზღუდვას;
ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, იმ ფონზე, როდესაც დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია რეპრესიების სამიზნეა.
ეს არის პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული SLAPP საჩივრების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სარჩელები) მკაფიო მაგალითი, რომელთა მიზანიც მედიის სისტემური დაშინებაა და არა რეალური დარღვევის აღმოფხვრა;
შეიცავს მედიის მარეგულირებელი მექანიზმების ბოროტად გამოყენების ნიშნებს, რაც ხელს უშლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას;
არასწორად განმარტავს ბალანსის პრინციპს, მოითხოვს მმართველი პარტიისთვის თანაბარ ეთერს, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ კრიტიკულ ტელევიზიებში სტუმრობასა და მათთან თანამშრომლობაზე;
საჩივრები წარმოადგენს უფრო ფართო ავტორიტარული ტენდენციის გამოხატულებას, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება კრიტიკული ხმების ჩასახშობად და სამოქალაქო სივრცის შესავიწროებლად.
საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ეს საჩივრები არღვევს:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მათ შორის, მედიის უფლება გააკრიტიკოს საჯარო პირები;
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N34 - აღიარებს მედიას, როგორც მთავარ ინსტრუმენტს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელოები, რომლებიც აფრთხილებენ, რომ მარეგულირებელი არ უნდა იქცეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში;
ევროპის საბჭოს რეკომენდაცია CM/Rec(2016)4, რომელიც ხაზს უსვამს მარეგულირებლის დამოუკიდებლობის აუცილებლობას და კრძალავს კრიტიკული შინაარსის ჩახშობას.
ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს:
მკაფიოდ და საჯაროდ დაგმონ მარეგულირებელი ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
მოითხოვონ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობა და პროცედურული სამართლიანობა;
უზრუნველყონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა საქართველოში, მათ შორის, სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმებით;
დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა. კრიტიკული მაუწყებლების სამართლებრივი დაშინება წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე მის საერთაშორისო ვალდებულებებთან.
ვგმობთ, მედიაზე ცენზურის დაწესების ამ ფორმებს და მოვითხოვთ საერთაშორისო მხარდაჭერას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, Start Now, „ალტერნატივა ჯორჯია“, „საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა“, „მედიის განვითარების ფონდი“, რადიო „მარნეული“, „სამოქალაქო პლატფორმა – ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“, „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, „დოკუმენტური კინოს ასოციაცია“, „დემოკრატ მესხთა კავშირი“, „პლატფორმა სალამ“, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“, NEO TV და „ქართული მედია ჯგუფი“ (GMG), „პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი“, „მთის თემი“ ააიპ, „ევროპის ფონდი“, „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი“, ფონდი „აურეს“, „შშმ ქალთა ალიანსი“, Bbsa- Georgia, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“, „შავი ზღვის ეკო-აკადემია“, „საფარი“, „საორსა“, ააიპ „ლომეკი“, „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT“, „ქალი და განვითარება“, „საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა“, აწსუ, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (hrc), „პრევენცია პროგრესისთვის“, „პუბლიკა“.
თაგები:
მედია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა