Wizz Air 7 მარტის ჩათვლით ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის და ამანის მიმართულებით ყველა რეისს აჩერებს

ავტორი
Front News საქართველო
ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლოდროინდელი ესკალაციის ფონზე, Wizz Air დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის და ამანის მიმართულებით და აღნიშნული მიმართულებებიდან 2026 წლის 7 მარტის ჩათვლით, - ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, პრევენციის მიზნით, Wizz Air 72 საათის განმავლობაში აუქმებს საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, 2026 წლის 2 მარტის ჩათვლით.
"ავიაკომპანია ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მუდმივ კავშირშია ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, მათ შორის – საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოებთან, უსაფრთხოების ორგანოებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ოპერაციული გადაწყვეტილებები რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ფრენების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ვითარების შემდგომი განვითარების შესაბამისად.
მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოება Wizz Air-ის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.
ავიაკომპანია აცნობიერებს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს და მადლობას უხდის მგზავრებს გაგებისა და თანამშრომლობისთვის.
დაზარალებულ მგზავრებს ავიაკომპანია პირდაპირ დაუკავშირდება და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომი ალტერნატივების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
28 თებერვლის დილით, ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ირანზე თავდასხმა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ოპერაცია იყო. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის "საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თაგები:
Wizz Air




